გიგლა აგულაშვილი: კვლევებმა აჩვენა, რომ ჰაერის ძირითადი დამაბინძურებელი წყარო არის ავტომობილები

რამდენიმე ქალაქში, მათ შორის თბილისში ჩატარებულმა ჰაერის სინჯების კვლევებმა ცხადყო, რომ ძირითადი დამაბინძურებელი წყარო არის ავტომობილები, – ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, საწვავის ხარისხთან ერთად, პრობლემას წარმოადგენს გამონაბოლქვში იმ ტოქსიკური აირების შემცველობა, რომელიც არასრული წვის შედეგია.
“რამდენიმე ქალაქში, მათ შორის თბილისში ჩატარებულმა ჰაერის სინჯების კვლევებმა აჩვენა, რომ ძირითადი დამაბინძურებელი წყარო არის ავტომობილები. ეს არის, ძირითადად, დამოკიდებული ავტოსატრანსპორტო პარკის სიძველზე. საწვავის ხარისხთან ერთად, პრობლემას წარმოადგენს გამონაბოლქვში იმ ტოქსიკური აირების შემცველობა, რომელიც არასრული წვის შედეგია”, – განაცხადა აგულაშვილმა და აღნიშნა, რომ მხარს უჭერს ავტოსატრანსპორტო პარკის ეტაპობრივად გაუმჯობესებას და გაჯანსაღებას.
მინისტრის განცხადებით, ჰაერის სინჯების კვლევები გაგრძელდება და სისტემატური ხასიათი ექნება საქართველოს მასშტაბით.
“კვლევებს ვაგრძელებთ. დღევანდელი მონაცემებით, თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ზოგიერთ უბანში ჰაერის ხარისხში მაჩვენებელები, ევროსტანდარტის შესაბამისად, საშუალო დონისაა და იმისათვის, რომ ვითარება გაუმჯობესდეს, ჩვენ გვჭირდება, ზომები მივიღოთ და ეტაპობრივად შევცვალოთ ჩვენი ავტოპარკი”, – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.
რაც შეეხება საწვავის ხარისხს, მისი თქმით, ამ კუთხით, მთავრობის მიერ დადგენილი ნორმები, შეიძლება ითქვას, რომ ცალკეულმა იმპორტიორებმა უკვე შეასრულეს და ცალკეული სახეობის საწვავი, რომელიც იყიდება, უკვე შეესაბამება “ევრო 5“-ის სტანდარტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები