ჟურნალ “კულტურა პლუსის” პირველი ნომრის პრეზენტაცია გაიმართება
დღეს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ჟურნალის პირველი ნომრის “კულტურა პლუსის” პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც კულტურის სამინისტროში, მინისტრი მიხეილ გიორგაძე გაუძღვება.
პრეზენტაციას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გია ალიბეგაშვილი, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის წარმომადგენლები, ჟურნალის სარედაქციო ჯგუფი, ხელოვანები, სამინისტროს სსიპ-ების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ხასიათის ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) გამოცემა საქართველოში მოქმედ უცხოურ კულტურულ ინსტიტუტებს, დიპლომატიური მისიის წარმომადგენლობებს, საერთაშორისო და რეგიონულ კულტურულ ცენტრებს, საქართველოს საელჩოებს საზღვარგარეთ და სხვა დაინტერესებულ მკითხველს კულტურის სხვადასხვა სფეროში მიმდინარე პროცესებს გააცნობს.
სამინისტროს ინფორმაციით, კულტურის სამინისტროს პერიოდული გამოცემა “კულტურა პლუს” პოპულარიზაციას გაუწევს ქართულ კულტურას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ჟურნალი, ერთი მხრივ, ასახავს კულტურის სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებს, მეორე მხრივ, ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ კულტურულ პროცესებს.