ნინო გვენეტაძე: საქართველოს მასშტაბით, საერთო სასამართლოების სისტემაში 61 ვაკანტური ადგილია
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის განცხადებით, სულ სასამართლოების სისტემაში 61 ვაკანტური ადგილია. მისი ინფორმაციით, კონკურსი ორეტაპიანია.
“პირველი ეტაპი უკვე გავლილია. ეს არის დოკუმენტაციის შეგროვება, რომელიც კონკრეტულმა კანდიდატურებმა წარმოადგინეს და ასევე, რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ჰქონდა, მათ შესახებ. დღეს იწყება მეორე – გასაუბრების ეტაპი. საბჭოს წევრების მიერ კონკრეტული კანდიდატი გამოიკითხება კეთილსინდისიერების, კვალიფიკაციის, პროფესიონალიზმის და ყველა იმ სტანდარტის გათვალისწინებით, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს კენჭისყრა. საერთო სასამართლოების სისტემაში მთელი საქართველოს მასშტაბით 61 ვაკანტური ადგილია. ვცდილობთ, ძალიან გამჭვირვალედ, ყველა პროცედურის დაცვით განვახორციელოთ გასაუბრება, რის შემდეგაც უკვე დაიწყება კენჭისყრები”, – განაცხადა გვენეტაძემ.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეობის კანდიდატურების გასაუბრება მიმდინარეობს.