გიორგი კვირიკაშვილი: კომუნიკეში დადასტურებულია ის, რომ საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა
კომუნიკეში დადასტურებულია ის, რომ საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა, როგორც სამხედრო კუთხით ასევე დემოკრატიული და პოლიტიკური სისტემის რეფორმირების მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი ნატოში გაწევრიანებისთვის და MAP-ი რჩება პოლიტიკური გადაწყვეტილების კომპონენტად.
“ნატო-ს მინისტერიალის კომუნიკეში აღნიშნულია, რომ მონტენეგროსთვის იღება ნატო-ში გაწევრიანების კარი, ეს ადასტურებს ნატოს ღია კარის პოლიტიკას, რაც საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. კომუნიკეში დადასტურებულია ის, რომ საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა, როგორც სამხედრო კუთხით თავსებადობის ზრდის მიმართულებით, ასევე დემოკრატიული და პოლიტიკური სისტემის რეფორმირების მიმართულებით”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილება არის ძალაში და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით გაძლიერდება ძალისხმევა, რადგან მიზანი იყოს მიღწეული
“აღინიშნა საერთაშორისო სამშიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მნიშვნელობა და რაც ყველაზე მთავარია, ხაზი გაესვა იმას, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილება არის ძალაში და ჩვენ, რა თქმა უნდა ამ მიმართულებით გავაძლიერებთ ძალისხმევას, რათა ეს საბოლოო მიზანი აუცილებლად იქნას მიღწეული”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა განცხადების იმ მნიშვნელოვან კომპონენტს, სადაც ალიანსი აღნიშნავს, რომ საქართველოს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი ნატო-ში გაწევრიანებისათვის. “არის ძალინ მნიშვნელოვანი ჩანაწერი, რომ საქართველოს გააჩნია ყველა აუცილებელი იარაღი, ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ნატო-ში გაწევრიანდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, ანუ MAP-ი რჩება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების გამოხატულებად”, – დასძინა კვირიკაშვილმა.
უწყების ინფორმაციით, მინისტრი 1-2 დეკემბერს ბრიუსელში ნატო-ს მინისტერიალში მონაწილეობდა. მან ორმხრივი შეხვედრები გამართა კოლეგა მინისტრებთან და ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო.