ჯონ კერი – ნატოს გაფართოება რუსეთის წინააღმდეგ მიმართული არ არის
ნატოს გაფართოება და მასში მონტენეგროს (ჩერნოგორიის) გაწევრიანება არც რუსეთს, არც რომელიმე სხვა ქვეყანას არ ემუქრება. ამის შესახებ „ბი–ბი–სის“ ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა.
„ნატო არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ალიანსს აქვს თავდაცვითი დოქტრინა, მისი მიზანია უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მინდა ვუთხრა რუსეთს და სხვა ქვეყნებს, რომ ეს არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ“, – განაცხადა კერიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს შეუძლია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის საკითხში „ძალზე კონსტრუქციული და მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდეს“.
ნატოში მონტენეგროს ოფიციალური მიწვევის შესახებ დღეს ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
ამის საპასუხოდ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ნატოს ექსპანსიის გაგრძელება აღმოსავლეთის მიმართულებით რუსეთის მხრიდან საპასუხო ქმედებებს გამოიწვევს.