ირაკლი შოთაძე: მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, პირადად ჩემთან შეხვედრის და ჭირ-ვარამის გაზიარების
მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მოქალაქეებთან შეხვედრის დღეს აწესებს. როგორც შოთაძემ სისტემის სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან, ჩვეულებრივ მოქალაქეებთან ურთიერთობის მხრივ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.
“მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, პროკურატურა უფრო მეტად განვითარდეს. ამისათვის პროკურორების დამოუკიდებლობის გაძლიერება და გაზრდაა საჭირო, უნდა ამაღლდეს მათი კვალიფიკაცია, რისთვისაც ჩატარდება შესაბამისი სწავლებები და ტრენინგები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან, ჩვეულებრივ მოქალაქეებთან ურთიერთობის მხრივ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით.
ჩვენ ვაპირებთ უახლოეს მომავალში შესაბამისი ღონისძიებების გატარებას. თითოეული რაიონული ოლქის პროკურორთან მოქალაქეებს გამოეყოფათ „ღია კარის“ დღე, რა დროსაც შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ მას. ასევე მე ვაპირებ, დავაწესო კონკრეტული დღე, რა დროსაც მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, პირადად ჩემთან შეხვედრის და მათი ჭირ-ვარამის გაზიარების”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
მისი თქმით, ეს ყველაფერი მიმართულია იქით, რომ პროკურორებმა კარგად გაიაზრონ და გაითავისონ ის, თუ რა აწუხებს ხალხს და რა პრობლემებს ხედავს პროკურატურის სისტემაში.