ინდონეზიაში მყოფმა პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტთან გამართა

ინდონეზიის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, რომელსაც დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს, შეხვედრა ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტთან, იუსუფ კალასთან გამართა.
დავით უსუფაშილის განცხადებით, საქართველოში ინდონეზიას კარგად იცნობენ და მთავარ ღირებულებებს-მრავალფეროვნების შენარჩუნებასა და ტოლერანტულობას, იზიარებენ.
დავით უსუფაშვილმა საქართველოს მიერ დემოკრატიული განვითარების გზაზე მიღწეული წარმატებების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის მისწრაფება ევროკავშირია.
მისივე თქმით, ქვეყანა აქტიურად მუშაობს ვიზალიბერალიზაციის წარმატებით დასასრულებლად. დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველო, ასევე, დაინტერესებულია აზიის ქვეყნებთან, როგორც რეგიონულ პარტნიორებთან ურთიერთობით და სურს მისი გეოპოლიტიკური მდებარეობა სასარგებლო იყოს მეზობელი ქვეყნებისა და ინვესტორებისთვისაც.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს სახით, ინდონეზიას საიმედო პარტნიორი ჰყავს რეგიონში. მისივე თქმით, ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმატებული საქმიანობა მომავალ ურთიერთობებს შეუწყობს ხელს და თანამშრომლობის განვითარებისთვის, ასევე მნიშვნელოვანია ინდონეზიის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა საქართველოშიც.
როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხელშესაწყობად ყველაფერს გააკეთებს საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოც.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ინდონეზიის რესპუბლიკაში ვიზიტის შემდეგ, ბევრ სასარგებლო საქმეს ჩაეყრება საფუძველი, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური კუთხითა და კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებებითაც.
დავით უსუფაშვილმა ინდონეზიის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს რუსეთთან ომმა ქვეყანას ბევრი პრობლემა შეუქმნა, ამან, ხალხთა შორის ურთიერთობები არ უნდა დააზიანოს.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრეა. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მას სჯერა, რომ 21-ე საუკუნეში, სახელმწიფოები საერთაშორისო კანონმდებლობის ერთგულნი იქნებიან და საერთო მთავარი საზრუნავი მშვიდობის უზრუნველყოფა იქნება.
დავით უსუფაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის დაძაბულობა მალე განიმუხტება. ინდონეზიის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას ქვეყნის ისტორია გააცნო და აღნიშნა, რომ ინდონეზიას სავაჭრო და ეკონომიკური კუთხით დიდი პოტენციალი აქვს. მისივე ინფორმაციით, ამჟამად ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ კონსულტაციები მიმდინარეობს. იუსუფ კალა საქართველოს სახელმწიფო წყობით, ეკონომიკური მდგომარეობითა და ტურისტული პოტენციალით დაინტერესდა. ვიცე-პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ რეგიონის პრობლემები მალე მოგვარდება და აღნიშნა, რომ ინდონეზია რადიკალიზმსა და ტერორიზმს გმობს. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები