თეა წულუკიანი: სამინისტროებში დანამატების სისტემა მთლიანად ვერ მოიშლება

სამინისტროებში დანამატების სისტემა მთლიანად ვერ მოიშლება, რადგანაც სახელმწიფო საჯარო მოხელეებზე დგას, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს აღნიშნულ თემაზე სასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მისი თქმით, პრემიების ოდენობა და რიცხვიც შემცირდა. შესაბამისად, საჯარო მოხელეები პრემიას მხოლოდ კვარტალში ერთხელ იღებენ. „ჩვენ პრემიერის მიერ გამოცემულ აქტს ყველანი ვემორჩილებით. ამიტომაც, შემცირდა პრემიების ოდენობაც, რიცხვიც და მხოლოდ კვარტალში ერთხელ შეიძლება მისცე საჯარო მოხელეებს პრემია. დანამატების სისტემა მთლიანად ჩვენს სამინისტროებში ვერ მოიშლება, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი სახელმწიფო საჯარო მოხელეებზე დგას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. წულუკიანის თქმით, პირადად, მას მიმდინარე წელს პრემიის სახით არცერთი თეთრი არ აუღია. „მე წელს არცერთი თეთრი პრემიის სახით არ ამიღია და ვიცი, რომ თუკი ავიღებ, ამას შეიძლება მოჰყვეს კითხვის ნიშნები. რაც უნდა ბევრს და კარგად ვმუშაობდე, პრემია, რომელიც კითხვებს გამოიწვევს, არ მინდა, ისე ვიმუშავებ ჩემი ქვეყნის პროგრესისთვის“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა. წულუკიანმა მინისტრების ხელფასზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს სამინისტროების ხელმძღვანელები ხელფასის სახით 5 000 ლარს იღებენ, რაც სხვადასხვა ქვეყნის მინისტრების ხელფასებთან შედარებით, მოკრძალებული თანხაა. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ აგვისტოში დანამატის სახით 10 203 ლარი აიღო, წულუკიანმა აღნიშნა, რომ მისი მხრიდან მოსამართლის ხელფასისა და დანამატის შეფასება სწორი არ იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები