ნასაკირლელები სუს-ის მიერ დაკავებული თანასოფლელების ქმედებას გმობენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ “ისლამურ სახელმწიფოსთან” შესაძლო კავშირის ბრალდებით დაკავებული ოთხი პირიდან სამი ISIS-ის სახელით გავრცელებული ვიდეომუქარის ერთ- ერთი ავტორის ბადრი ირემაძის თანასოფლელია. კერძოდ, ჯამბულ აბდულაევი, მირიან ბერიძე და გია ბახუნდარაძე ირემაძის მსგავსად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალიდან არიან.

ინფორმაცია “კვირას“ ნასაკირალში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა დავით ტუნაძემ დაუდასტურა. როგორც გამგებლის წარმომადგენელი აცხადებს, ჯამბულ აბდულაევი თურქეთში ხშირად დადიოდა, რაც შეეხება დანარჩენ ორ პირს, ისინი ძირითადად ბათუმში იმყოფებოდნენ. დავით ტუნაძე ამბობს, რომ ნასაკირალის მაცხოვრებლები თანასოფლელების ქმედებას გმობენ.

რაც შეეხება სუს-ის მიერ იგივე ბრალდებით დაკავებულ კიდევ ერთ პირს ლაშა გობაძეს, იგი ISIS-ის სახელით გავრცელებული ვიდეომუქარის ავტორის, ხვიჩა გობაძის დეიდაშვილია.

შეგახსენებთ,რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა “ისლამურ სახელმწიფოსთან” შესაძლო კავშირის ბრალდებით 4 პირი დააკავა. როგორც დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილემ ლევან იზორიამ განაცხადა, მათ ბინების ჩხრეკის შედეგად ოთხი პირის საცხოვრებელი სახლებიდან ხელყუმბარები, ცეცხლსასროლი პისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები და ცილინდრული ფორმის ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოიღეს. ასევე ამოღებულია მობილური ტელეფონები, სხვადასხვა მობილური ოპერატორების სიმ-ბარათები, მეხსიერების ბარათები, კომპიუტერული მოწყობილობები, ინტერნეტმოდემები, ნოუთბუქები, სხვადასხვა ლიტერატურა, ინფორმაციის მატარებელი ელექტრონული მოწყობილობები, CD და DVD- დისკები და ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ მიკუთვნებული დროშები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები