გურამ ოდიშარია ბიძინა ივანიშვილის მადლიერია

  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია ფეისბუქის საშუალებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ მასთან დაკავშირებით “ტელეიმედის“ ეთერში გაკეთებულ შეფასებას ეხმაურება. ოდიშარია იზიარებს ბიძინა ივანიშვილის კულტურის მინისტრთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებს. ოდიშარია აცხადებს, რომ ზოგიერთი მტკივნეული საკითხის გადაწყვეტისას, მართალაც, ჭოჭმანობს, რაც, მისი თქმით, მაღალი რანგის ჩინოვნიკისთვის „შეუფერებელია“.
„მე შემიძლია, გითხრათ თამამად, რომ კულტურის მინისტრი არ გადის ძალიან კარგ მინისტრებში“, – ასე ამბობდა ჩემზე ბატონი ბიძინა. რა თქმა უნდა, ვეთანხმები. კულტურის მინისტრი გადის იმ მინისტრებში, რომლებიც საჭიროებენ შემდგომ განვითარებას. მე დავყავი მინისტრები „ძალიან კარგ“ და „კარგ“ მინისტრებად, ცუდს არ ვეძახი, რადგან მათ გულწრფელად აქვთ სურვილი, დაეხმარონ ქვეყანას და განახორციელონ, რაც ევალებათ საკუთარი პოსტიდან გამომდინარე, მაგრამ არ გამოსდით და ამიტომ ბევრი საჭიროებს განვითარებას… კვლავ ვეთანხმები ბატონ ბიძინას.
„ძალიან დიდ პატივს ვცემ, ძალიან კარგი ადამიანია, ძალიან გულწრფელი“, – ეს ჩემზე თქვა. მადლობას მოვახსენებ, ნეტავ, მართლა ასეთი ვიყო… მან განაგრძო – „მაგრამ ეს არ ყოფნის ყველაფერ იმას, რომ იყო პროფესიონალი და კარგად გამოგივიდეს ყველაფერი. აკლია მას გამოცდილება, აკლია გადაწყვეტილების მიღების დროულობა“. ეს ასეც არის ხოლმე. ზოგიერთი მტკივნეული საკითხის გადაწყვეტისას ვჭოჭმანობ, რაც ალბათ, მაღალი რანგის ჩინოვნიკისთვის „შეუფერებელია“. ცხოვრებისეულმა ბევრმა ტკივილმა ადამიანებისადმი ფაქიზი ურთიერთობები დამავალა (მოეპყარი სხვას ისე, როგორც გინდა, შენ მოგეპყრონ). თუმცა მათი გაფრთხილების გამოცდილება და სახელმწიფო მოხელის მტკიცე, დროული გადაწყვეტილების უნარი ხანდახან, მართლაც, მაგდებს წინააღმდეგობაში… ახლა ისეთი განცდა მაქვს, ამ მესიჯში მინდა ყველაფერი ჩავატიო… ფაქტია, სათქმელი დამიგროვდა. დამიგროვდა და მინდა გაგიზიაროთ. შევეცდები (თითქმის ყოველდღე) აღვწერო რა ამბები რაც გადამხდა ჩემი სამინისტროში მუშაობისას, სად დავუშვი შეცდომა და როდის ვიყავი ჩემი გადაწყვეტილებით კმაყოფილი. რა თქმა უნდა, იმ თემებზეც ვისაუბრებ, რაც საზოგადოებისთვის კულისებსმიღმურია… თან გზადაგზა მკითხველთა კითხვებსაც ვუპასუხებ”, – აცხადებს გურამ ოდიშარია.
ამასთან, როგორც კულტურის მინისტრი აცხადებს, შემდეგი თემა, რაზეც ის კომენტარს გააკეთებს, “საყდრისი” იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები