სუს-ის მიერ დაკავებული ლაშა გობაძე “ისლამური სახელმწიფოს” სახელით გავრცელებული ვიდეომუქარის ერთ-ერთი ავტორის დეიდაშვილია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ “ისლამურ სახელმწიფოსთან” შესაძლო კავშირის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი პირი, ლაშა გობაძე ISIS- ის სახელით გავრცელებული ვიდეომუქარის ავტორის, ხვიჩა გობაძის დეიდაშვილია.
ინფორმაცია “კვირას“ სოფელ დიდაჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ირმა შავაძემ დაუდასტურა.
ხვიჩა და ლაშა გობაძეები ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარიდან არიან. გამგებლის წარმომადგენელი ადგილობრივებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ისინი გრძელ წვერს ატარებდნენ და განსხვავებულად ლოცულობდნენ.
“ხვიჩა გობაძემ დაწყებითი კლასები დიდაჭარაში დაამთავრა, რის შემდეგაც მისმა ოჯახმა საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა. თუ არ ვცდები, ლაშა გობაძეც მხოლოდ დაწყებით კლასებში სწავლობდა დიდაჭარის სკოლაში. ხვიჩა გობაძე სტუმრად ჩამოდიოდა სოფელში, მე პირადად არ მინახავს, მაგრამ, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ის განსხვავებულად ლოცულობდა და გრძელ წვერს ატარებდა“,- განუცხადა “კვირას“ ირმა შავაძემ.
შეგახსენებთ,რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა “ისლამურ სახელმწიფოსთან” შესაძლო კავშირის ბრალდებით 4 პირი დააკავა.
როგორც დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილემ ლევან იზორიამ განაცხადა, მათ ბინების ჩხრეკის შედეგად ოთხი პირის საცხოვრებელი სახლებიდან ხელყუმბარები, ცეცხლსასროლი პისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები და ცილინდრული ფორმის ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოიღეს. ასევე ამოღებულია მობილური ტელეფონები, სხვადასხვა მობილური ოპერატორების სიმ-ბარათები, მეხსიერების ბარათები, კომპიუტერული მოწყობილობები, ინტერნეტმოდემები, ნოუთბუქები, სხვადასხვა ლიტერატურა, ინფორმაციის მატარებელი ელექტრონული მოწყობილობები, CD და DVD- დისკები და ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ მიკუთვნებული დროშები.