თინა ხიდაშელი ბელგიელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ბელგიელ კოლეგას, სტივენ ვანდეპუტს ბრიუსელში, თავდაცვის მინისტრის რეზიდენციაში შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
სტივენ ვანდეპუტმა მზადყოფნა გამოთქვა, არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდეს. შეხვედრაზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზეც ისაუბრეს.
ბელგიის თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ბელგია მზად არის მეტი წვლილი შეიტანოს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში. სტივენ ვანდეპუტმა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ვისაუბრეთ ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში შესაძლებლობების ზრდაზე. ჩვენ ბელგიასთან საკმაოდ შეზღუდული პარტნიორობა გვაქვს და ვფიქრობთ, რომ პაკეტი, რომელსაც ორმხრივად საქართველო-ნატო ახორციელებს, საუკეთესო საშუალებაა მხარდაჭერის, მობილიზების და გაფართოებისთვის. მივიღეთ წინადადება, რომ კონკრეტული შეთავაზებების შემთხვევაში ბელგიის თავდაცვის სამინისტროს მხრიდან პოზიციური თანხვედრა იქნება. ამ ეტაპზე მინიმალურ დონეზე ვართ სტრატეგიულ თანამშრომლობაში და მოგვეცა შესაძლებლობა, ბელგიის თავდაცვის სამინისტროს მხრიდან კონკრეტული პროექტების მხარდაჭერა მოვიპოვოთ“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბელგიელი კოლეგა საქართველოში მოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები