ირაკლი ღარიბაშვილი: ლევილი უნდა გახდეს ქართული კულტურის ცენტრი საფრანგეთის შუაში

ლევილის მამულის საქართველოსთან გადმოცემასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ბოლო ეტაპზეა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს პარიზში განუცხადა. პრემიერის თქმით, რამდენიმე თვის წინ მთავრობამ, ტექნიკური დოკუმენტაციის მოწესრიგების მიზნით, დამატებითი თანხები გამოყო, რაც წლების განმავლობაში ვერცერთმა მთავრობამ ვერ მოაგვარა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და საქართველოს საელჩო საფრანგეთში.
მთავრობის მეთაური იმედოვნებს, რომ პროცესი წარმატებით დასრულდება.
“დიდი იმედი მაქვს, ჩვენი წინაპრების შთამომავლები ამ პროცესს დაასრულებენ და ლევილის მამული დაუბრუნდება ქართველ ხალხს, ჩვენს სახელმწიფოს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ გამოვიყენებთ ამ მამულს. ჩემი დავალებით, საინტერესო კონცეფცია შემუშავდა საფრანგეთში ჩვენი საელჩოს მიერ, რაშიც ასევე ჩართულია დიასპორის სამინისტრო. ვფიქრობთ, მას შემდეგ, რაც გადმოცემის პროცედურები მოგვარდება, მამული მივმართოთ ახალგაზრდებისთვის. ლევილი უნდა გახდეს ქართული კულტურის ცენტრი საფრანგეთის შუაში. მინდა, დავადასტურო ჩვენი სრული მზადყოფნა, რომ ეს პროცესი მივიყვანოთ ბოლომდე. ის, რაც არ გაკეთებულა 25 წლის განმავლობაში, ჩვენ რამდენიმე თვეში გავაკეთეთ“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები