პრემიერი: საქართველო ნამდვილი ლიდერია კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაში

„საქართველო ნამდვილი ლიდერია კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაში“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო მხარს უჭერს კლიმატური ცვლილებების შემცირებისკენ მიმართული მოქმედებების გააქტიურებას.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, დოკუმენტი, რომელიც ხელისუფლებამ შეიმუშავა, 2030 წლისთვის გამონაბოლქვის 15-25-პროცენტით შემცირებას ითვალისწინებს.
„საქართველო ნამდვილი ლიდერია კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაში. ჩვენი ქვეყანა მხარს უჭერს კლიმატური ცვლილებების შემცირებისკენ მიმართული მოქმედებების გააქტიურებას. ჩვენი დოკუმენტი – „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული სავარაუდო წვლილი კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით“ ითვალისწინებს გამონაბოლქვის 15-25-პროცენტით შემცირებას 2030 წლისთვის. 2021-2030 წლების კლიმატთან დაკავშირებულ სამოქმედო გეგმაში, რომელიც მომავალ წელს შემუშავდება, განსაზღვრული იქნება, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ ამ მიზანს და რა სახის საერთაშორისო მხარდაჭერა დაგვჭირდება ამ პროცესში.
ფაქტობრივად, საქართველო უკვე ეტაპობრივად დგამს ნაბიჯებს კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად. დაბალი ემისიის განვითარების სტრატეგიაში, რომელსაც ჩვენ ამჟამად ვამზადებთ, განსაზღვრული იქნება გრძელვადიანი მდგრადი განვითარების ამომწურავი გზამკვლევი, რაც დაგვეხმარება შევასრულოთ ჩვენ მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან ღარიბაშვილის თქმით, მწვანე კლიმატის ფონდის დაფინანსება დიდ გავლენას იქონიებს განვითარებადი ქვეყნების მიერ ეროვნულ დონეზე განსაზღვრული სავარაუდო წვლილის სამიზნეების მიღწევაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები