ირაკლი ღარიბაშვილი: როდესაც ტერორისტები ცდილობენ საზოგადოების დაყოფას არა მხოლოდ პარიზში, მნიშვნელოვანია ერთად დგომა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და ერთი თვის წინ საფრანგეთში მომხდარ ტერორისტულ აქტებზე ისაუბრა. ფრანგ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა.
პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას იმედი გამოთქვა, რომ საფრანგეთი ბოროტი ძალების თავდასხმას გაუძლებს.
“პარიზის ტრაგიკულმა მოვლენებმა უდიდესი გავლენა მოახდინა მთელ მსოფლიოზე და რა თქმა უნდა, საქართველოზეც. სიტყვები არ მყოფნის, რომ ამ მწუხარების ჟამს გამოვხატო ჩვენი თანადგომა და მწუხარება თქვენი მსხვერპლის გამო.
ამ რამდენიმე კვირის განმავლობაში, ასეთ მძიმე ვითარებაში თქვენი ხალხის უპრეცედენტო თავშეკავებამ, სიმტკიცემ და სიმხნევემ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მე წილად მხვდა პატივი, ვყოფილიყავი სორბონის უნივერსიტეტის სტუდენტი. პარიზს ყოველთვის მივიჩნევდი მეორე სახლად. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დიდებული ქალაქი და ქვეყანა გაუძლებენ ბოროტი ძალების თავდასხმებს, რომელთა მიზანიცაა გაანადგურონ ყოველივე ის, რის აშენებასაც ჩვენ, ამ დარბაზში შეკრებილნი, ვცდილობთ.
გარწმუნებთ, ამ ძნელბედობის ჟამს მე და ქართველი ხალხი თქვენ გვერდით ვდგავართ და მზად ვართ ნებისმიერი სახის დახმარებისთვის“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ ტერორიზმი არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ არსებობს გამოწვევები, რომლებსაც ვერც ერთი ქვეყანა მარტო ვერ გაუმკლავდება.
საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს, როდესაც ტერორისტები ცდილობენ საზოგადოების დაყოფას არა მხოლოდ პარიზში, არამედ ლიბანში, მალიში, ეგვიპტეში, ნიგერიაში, თურქეთში, ტუნისსა და მსოფლიოს სხვა წერტილებშიც, მნიშვნელოვანია ერთად დგომა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები