გერმანია სირიაში 1200 სამხედრო მოსამსახურის გაგზავნას აპირებს
გერმანული გამოცემა Die Welt იუწყება, რომ გერმანია სირიის სამხედრო ოპერაციაში 1 200-მდე სამხედრო მოსამსახურის ჩართვას გეგმავს. ამის შესახებ ბუნდესვერის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფოლკერ ვიკერმა განაცხადა. მისი თქმით, სწორედ ამდენი ადამიანია საჭირო ტექნიკის მომსახურებისთვის, რომლის გამოყენებასაც გერმანია სირიაში გეგმავს.
როგორც გერმანიის ხელისუფლებასთან დაახლოებული წყაროები იუწყებიან, საუბარი შეიძლება იყოს „ტორნადოს“ ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავების გამოყენებაზე. მისი მეშვეობით შეიძლება „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკების“ პოზიციებზე საკმაოდ ზუსტი ინფორმაციის მოპოვება, რაც შემდეგ მათ წინააღმდეგ ოპერაციებს გაამარტივებს. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში გერმანიის მონაწილეობა ძალზე სერიოზული ნაბიჯია, ვინაიდან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ქვეყანა, ნატოს წევრობის მიუხედავად, საგარეო პოლიტიკაში პაციფისტურ კონცეფციას ატარებდა.