ვახტანგ ხმალაძეს კანონპროექტზე, რომელიც მოწმეთა დაკითხვის წესს ეხება, შენიშვნები აქვს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ვახტანგ ხმალაძეს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტზე, რომელიც მოწმის დაკითხვის წესს ეხება, შენიშვნები აქვს, თუმცა დეპუტატი არასამთავრობოთა კრიტიკას არ იზიარებს.
როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მოწმეთა დაკითხვის იმ წესში, რომელიც 31 დეკემბრიდან უნდა ამოქმედდეს, თუკი ცვლილებები არ შევა, სისხლის სამართლის უამრავი დანაშაული გაუხსნელი დარჩება.
“რასაც არასამთავრობო სექტორი ამბობს, რომ თუ მხოლოდ საქმის არსებითი განხილვისას მოხდება მოწმეთა დაკითხვა, თუ გამოკითხვა და თუ მოწმეს სასამართლო სხდომამდე ინფორმაციის მიწოდების არანაირი ვალდებულება არ ექნება, მაშინ მინდა დაგარწმუნოთ, რომ სისხლის სამართლის უამრავი დანაშაული გაუხსნელი დარჩება”, – აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.
დეპუტატი პროექტთან დაკავშირებულ შენიშვნებზე საკომიტეტო განხილვისას ისაუბრებს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტს უკვე წარედგინა “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” და სხვა კანონებში შესატანი ცვლილებები, რომელიც გამოძიებისას, მოწმის მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვის საკითხებს არეგულირებს.
პროექტის ავტორები არიან: იუსტიციის, შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროები და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. მათ მიერ წარმოდგენილი სქემა ასეთია: – მოწმის გამოკითხვა გამომძიებლის მხრიდან ნებაყოფლობითი იქნება, მაგრამ თუ ის ინფორმაციის მიწოდებაზე უარს ამბობს და თუ გამომძიებელს, პროკურორს მიაჩნია, რომ მოწმე დანაშაულის გახსნისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს, მაშინ პროკურორს უფლება ექნება, სასამართლოს მიმართოს და სასამართლოს თანხმობის შემთხვევაში, მოწმე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხოს. ასეთ შემთხვევაში მოწმე ვალდებულია, სასამართლო სხდომაზე გამოცხადდეს. მოწმის დაკითხის ახალი წესი 2015 წლის 31 დეკემბრიდან შედის ძალაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები