გიორგი მღებრიშვილი: ევროპოლის მისიამ საქართველოს კანონმდებლობა დადებითად შეაფასა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოში აკრედიტებული პოლიციისა და უსაფრთხოების ატაშეთა ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარეობს.
კონფერენცია შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გახსნა. მინისტრმა ატაშეებს ეფექტური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების 60%-ზე მეტი შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაში შედიოდა, რასაც სამინისტრომ წარმატებით გაართვა თავი.
„ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების 60%-ზე მეტი შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაში შედიოდა, რასაც სამინისტრომ წარმატებით გაართვა თავი და ექსპერტებისგან პოზიტიური შეფასებაც მიიღო. დღევანდელი კონფერენციაც ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი წარმატებით განხორციელებული ვალდებულებაა, რომელიც სამარათალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას და გაღრმავებას ითვალისწინებს“, – აღნიშნა შს მინისტრმა.
გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, პოლიციის ატაშეების რაოდენობა გაიზარდა.
„გავზარდეთ პოლიციის ატაშეების რაოდენობა. ბოლო სამი წლის მანძილზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარგზავნა პოლიციის ატაშეები საფრანგეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, ესპანეთში, თურქეთში, პოლონეთში, ბელორუსიაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ პოლიციის ატაშეების გაგზავნას იტალიასა და ყაზახეთში“, – აღნიშნა მინისტრმა.
უწყების ხელმძღვანელმა, ასევე, აღნიშნა, რომ ევროპოლის მისიამ საქართველოს კანონმდებლობა დადებითად შეაფასა. „ევროპოლის მისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს კანონმდებლობა და არსებული პრაქტიკა პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით. ამ მნიშვნელოვანი ორგანიზაციის ანგარიშის გათვალისწინებით გვაქვს შესაძლებლობა, მომავალ წელს ევროპოლთან გავაფორმოთ შეთანხმება ოპერატიული თანამშრომლობის შესახებ“, – განაცხადა შს მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები