“აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არ ყოფილა და ერთ სახელმწიფოში ცხოვრების ერთადერთი გამოცდილება, რაც ჩვენ გვახსოვს, საბჭოთა კავშირია”

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას კიდევ ერთხელ გაჟღერებული იდეა, საქართველოს ფედერაციული მოწყობის შესახებ, სადაც აფხაზეთს განსაკუთრებული სტატუსი ექნება, მისი პირადი პოზიციაა და ამის თაობაზე მთავრობის შიგნით კონსულტაციები არ მიმდინარეობს.
“ეს არც ინიციატივაა და არც შეთავაზება. ეს არის ჩემი პოზიცია. მე მგონი ქართული საზოგადოების პრობლემაა, რომ ასეთი დისკუსიებისთვის მზად არ არის. მაგალითად თავის დროზე ძალიან საინტერესო ფრაზა თქვა პრემიერ-მინისტრმა ერთა თვითგამორკვევის შესახებ და საზოგადოებამ ეს გაატარა. საკმარისია ჩაიფიქრო, რომ მიდიხარ, ვთქვათ, ქუთაისში, სიტყვაზე და უცებ იწყებ ფიქრს, რითი მიდიხარ – ურმით, “მარშუტკით”, თვითმფრინავით. ანუ, აფხაზეთის დაბრუნება ყველას გვინდა, მაგრამ როგორ ვიბრუნებთ, რა გზით, რა საშუალებით – ამაზე მსჯელობა არ არის. 2004 წელს ჩემი და ჩემი მეგობრების ინიციატივით გამოქვეყნდა ძალიან საინტერესო კონცეცფია ფედერალიზაციაზე. ჩემი პირადი პოზიციაა, როგორც სპეციალისტის ამ სფეროში, რომ საქართველოში ყველაზე კარგი, ეფექტური ფორმა კონფლიქტების მოგვარებისა არის მისი ფედერალიზაციური მოწყობა – ასიმეტრიულ რეგიონალიზმზე დაფუძნებული, ე.ი. სხვადასხვა რეგიონების მიმართ სხვადასხვა სტატუსი – აფხაზების მიმართ განსაკუთრებული სტატუსი უნდა იყოს. მე ამის იქით არ მივდივარ. თუ ვინმეს უკეთესი აზრები აქვს, ღმერთმანი, დაწეროს. 10 წელი გავიდა, ვინმემ რამე შემოგვთავაზა?! მე ასე ვხედავ, თუ სხვა სხვანაირად ხედავს, კეთილი ინებონ და წარმოადგინონ”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არ ყოფილა და ერთ სახელმწიფოში ცხოვრების ერთადერთი გამოცდილება, რაც ჩვენ გვახსოვს, ეს არის საბჭოთა კავშირი. აქედან გამომდინარე, პაატა ზაქარეიშვილი აუცილებლად მიიჩნევს მსჯელობას იმის შესახებ, თუ რა სახით წარმოგვიდგენია აფხაზეთი დანარჩენი საქართველოს შემადგენლობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები