ილია მეორე: მამა გაბრიელი სასუფევლიდან ეხმარება მორწმუნეებს
მამა გაბრიელი თვით სასუფევლიდან ეხმარება მორწმუნეებს – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ფერიცვალების სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ბრძანა. პატრიარქმა მამა გაბრიელის შესახებ იქადაგა. მისი თქმით, ბერი გაბრიელი განსაკუთრებული პიროვნება იყო. უწმინდესმა შესთხოვა უფალს, მამა გაბრიელის ლოცვებით წყალობა მოიღოს საქართველოზე.
“მამა გაბრიელმა გამოიჩინა საოცარი თვისებები. ზოგს ესმოდა, ზოგს არ ესმოდა მისი. ის მაინც ღვთის საქმეს აკეთებდა. მამა გაბრიელმა იმ დროს დაიწყო მოღვაწეობა, როდესაც სასულიერო პირები, ეკლესია იდევნებოდა. ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, რომ მამა გაბრიელი სალოსობდა”, – ბრძანა პატრიარქმა.
უწმინდესის თქმით, მამა გაბრიელი მართლა ავადმყოფი კი არ იყო, მან ასეთი ტვირთი, ჯვარი მიიღო თავის თავზე. “ზოგს ამხელდა, ზოგს აქებდა, მაგრამ შინაგანად ის მუდამ იყო უფალთან და უფალი იყო მასთან. და აი ჩვენ დღეს შევასრულეთ წირვა და უნდა დავასვენოთ ახალ ლუსკუმაში. ჩვენ შევთხოვთ უფალს ლოცვა-კურთხევას და შეწევნა არ მოაკლოს საქართველოს მამა გაბრიელის ლოცვებით”, – აღნიშნა უწმინდესმა.
ქადაგების დასრულების შემდეგ ტაძარში პარაკლისი შესრულდა, რომლის შემდეგაც წმინდა მამა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის წმინდა ნაწილები ლუსკუმით შეაბრძანეს ფერიცვალების სახელობის ტაძრის საკურთხეველში, შემდეგ კი მისთვის განკუთვნილ ახალ ადგილზე, ქვის სარკოფაგზე დაასვენეს.