ოთარ დანელია აჭარაში ციტრუსის სეზონის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, აჭარის მთავრობის მეთაურთან, არჩილ ხაბაძესთან და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ზაურ ფუტკარაძესთან ერთად ციტრუსის მოსავლის აღებისა და რეალიზაციის პროცესს აჭარის რეგიონში გაეცნო.
ოთარ დანელია ბობოყვათში მცხოვრებ ადგილობრივი მკვდრის, ჯემალ კონცელიძის ოჯახს სტუმრობდა და მათთან ერთად ,,ნარინჯისფერ რთველში“ მიიღო მონაწილეობა. კონცელიძეების ოჯახს 0,25 ჰა-ზე გაშენებული მანდარინის ბაღი აქვს და წელს, დაახლოებით 7-8 ტონა მანდარინის მოსავლის მიღებას ვარაუდობს. ფერმერი აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარია, ბაღი დაზღვეული აქვს და შესაბამსად, რისკები მინიმუმამდე აქვს შემცირებული.
ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ მანდარინის კრეფა აქტიურ ფაზაში რამდენიმე დღის წინ შევიდა. შეუფერხებლად მიმდინარეობს როგორც სტანდარტული, ისე არასტანდარტული მანდარინის ჩაბარების პროცესიც. უკვე ექსპორტირებულია 1200 ტონა მანდარინი. მოთხოვნა არის მზარდი და ბაზარზე ახალი ტრეიდერებიც ჩნდებიან.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, აჭარის მთავრობის წევრებთან ერთად, ქობულეთში, კომპანია „ჯი-ემ გრუპის“ ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოც დაათვალიერა და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო. საწარმო სტანდარტული და არასტანდარტული მანდარინის მიღება–გადამუშავებასთან ერთად, ახორციელებს ციტრუსის პარაფირებას, რაც პროდუქტის შენახვის გახანგრძლივებას უწყობს ხელს.
როგორც „ჯი-ემ გრუპის“ საწარმოს დირექტორმა, რეზო გოგიტიძემ აღნიშნა, მიმდინარე წელს ქობულეთის საკონსერვო ქარხანა 15 000 ტონა არასტანდარტულ მანდარინს მიიღებს. საწარმოს წარმადობა დღე-ღამეში 300 ტონაა. წარმოებული იქნება ციტრუსის კონცენტრატი, საიდანაც დამზადდება წვენი. პროდუქციის რეალიზება ადგილობრივ ბაზარზე მოხდება. კომპანია პროდუქციის ექსპორტზე გატანას იაპონიაში, ჰოლანდიასა და ისრაელში გეგმავს.
საკონსერვო ქარხანა არასტანდარტულ მანდარინს 20 თეთრად შეისყიდის, აქედან 10 თეთრს სუბსიდიის სახით სახელმწიფო დააფინანასებს. საწარმოში 100-მდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული.
აჭარაში ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ბათუმის პორტში, ბორანზე „კაუნასი“ საექსპორტო ციტრუსის დატვირთვის პროცესს დაესწრნენ. ბორანი, რომელიც დაახლოებით 10 სატვირთო მანქანა ციტრუსით დაითვირთა, უკრაინის მიმართულებით 200 ტონა მანდარინის გადაზიდვას განახორციელებს.
„აჭარაში ვიზიტისას, ციტრუსის რეალიზაციის სრულ ციკლს – მანდარინის დაკრეფიდან გემზე დატვირთვამდე გავეცანით. აღსანიშნავია, რომ წელს ციტრუსზე მოთხოვნა გაზრდილია და შესაბამისად, მოსავლის დაბინავების არანაირი პრობლემა არ არსებობს,“ – განაცხადა ოთარ დანელიამ.
როგორც აჭარის მთავრობის მეთაური აცხადებს, ,,ნარინჯისფერი რთველი“ ორგანიზებულად მიმდინარეობს. ,,რეგიონის თითქმის ყველა თემში მანდარინის ექსპორტით დაინეტრესებული პირები შედიან. ფასიც მისაღებია – დღეის მდგომარეობით ფასი 50-დან 75 თეთრამდე მერყეობს. ვფიქრობ, წელს როგორც არასდროს, ხარისხიანი მოსავალი და წარმატებული ,,ნარინჯისფერი რთველი“ გევქნება“, – აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.
საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობი ღონისძიება დაიწყო. საწარმოებში მანდარინის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით, ქ.ბათუმში საკოორდინაციო შტაბიც ფუნქციონირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები