ირაკლი ღარიბაშვილი: ამ კადრებით ვფიქრობ, ბევრი რამ დაჩქარდება

ზურაბ ჟვანიას საქმეს არ სჭირდება ზედმეტი სპეკულაციები – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებისას განაცხადა, რითიც ინტერნეტში ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუფოვის ფოტომასალის გავრცელებას გამოეხმაურა. პრემიერი ფიქრობს, რომ აღნიშნული კადრების გავრცელებით ჟვანიას გარდაცვალების საქმის შესახებ ბევრი რამ დაჩქარდება.
“წლების განმავლობაში საზოგადოებაში დამკვიდრებული იყო აზრი, რომ ჟვანია მართლაც ძალიან ბუნდოვან გარემოებაში იქნა ნაპოვნი გარდაცვლილი. ამ თემის ირგვლივ სპეკულაციები გრძელდება. გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც ეს კადრები გავრცელდა, ვფიქრობ, ბევრი რამ დაჩქარდება. პროკურატურა ინტენსიურად გააგრძელებს გამოძიებას და ძალიან მალე გახდება ნათელი ყველასთვის, რასთან გვქონდა საქმე. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, როგორც რიგითმა მოქალაქემ – შეუიარაღებელი თვალითაც აშკარად ჩანს და ბევრი საეჭვო გარემოებები იკვეთება. თუნდაც ის ფაქტი, რომ ჟვანიას თავის არეში აქვს სერიოზული დაზიანებები, რაც მე ინფორმაცია მომაწოდეს, ეს იყო სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები, სისხლჩაქცევები”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, მეორე გარდაცვლილის, რაულ უსუფოვის ცხედარიც საეჭვო ვითარებაშია ნაპოვნი და განსაკუთრებით ეჭვი ჩნდება მაშინ, თუ უსუფოვის ტანსაცმელს დააკვირდები.
“მე ვფიქრობ, ამ საქმეს აღარ სჭირდება ზედმეტი სპეკულაციები. პროკურატურას აქვს სამოქმედო გეგმა და იმედი მაქვს, გამოძიებას მალე დაასრულებს. ვიცი, რომ ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ საერთაშორისო საექსპერტო ბიუროებთან, რათა ოჯახის თანხმობით მოხდეს გვამების ეგსჰუმაცია”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები