გიგი წერეთელი: ჩემთვის ამ კადრების ნახვა ძალიან უხერხულია
სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრების შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგი წერეთელმა მეუღლესგან შეიტყო. სოციალურ ქსელში გავრცელებული ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის გარდაცვალების ამსახველი ფოტომასალის შესახებ ის „კვირას“ ესაბრა.
„ამ საკითხზე საუბარი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს და საზოგადოებაში გავრცელებულ კითხვებს პროკურატურამ პასუხი უნდა გასცეს. მე ამჟამად არ ვიმყოფები თბილისში, თუმცა ფოტომასალის გავრცელების შესახებ ინფორმაცია ჩემმა მეუღლემ მომაწოდა. ზურაბ ჟვანია ჩემი მეგობარი იყო და ჩემთვის ამ კადრების ნახვა ძალიან უხერხულია, ისევე როგორც ექსპრემიერის ოჯახის წევრებისთვის. მიმაჩნია, რომ დროულად უნდა მოხდეს საქმის გამოძიება და თუკი დამნაშავე პირები გამოიკვეთებიან, უნდა დაისაჯონ. უნდა დაიკითხოს ის ექსპერტი, რომელმაც თავის დროზე ცხედრები გამოიკვლია და გარდაცვალების დასკვნა დადო. ასე საუბარი როდემდე უნდა გაგრძელდეს? ამ საქმის შედეგებით პირველ რიგში ჩვენ, ზურაბ ჟვანიას მეგობრები ვართ დაინტერესებულები“, – აღნიშნა გიგი წერეთელმა.