სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ პროექტი „ცოცხალი წიგნები“

ლია სტურუა, რეზო კლდიაშვილი, ლაშა თაბუკაშვილი, მანანა დუმბაძე, დათო ყანჩაშვილი, გიო საჯაია, ვაჟა ხორნაული, ცირა ყურაშვილი, თორნიკე ჭელიძე, ნიკა ჯორჯანელი და ნატა ვარადა – თანამედროვე ქართველი მწერლები ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ შეკრებილ სამხედროებს საკუთარ შემოქმედებას დაახლოებით სამი საათის განმავლობაში აცნობდნენ.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მწერლები ჯარისკაცებს პროექტ „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში ეწვივნენ, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი სასწავლო ცენტრის სასროლეთი დათვალიერეს და იარაღის სროლაშიც გაივარჯიშეს.
სტუმრებს სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ და თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნათია ტრაპაიძემ უმასპინძლეს. სამხედროებთან მწერლების შეხვედრას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე დაესწრო. მწერლებმა მოგვიანებით „ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ ძალიან სახელოვანი ადამიანები – მწერლები და პოეტები გვესტუმრნენ. მათ საჩუქრად მოგვიტანეს თავიანთი წიგნები, წაგვიკითხეს ლექსები, ამონარიდები თავიანთი შემოქმედებიდან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ჩვენთვის, ჩვენი ჯარისკაცებისთვის, განსაკუთრებით მათთვის ვინც ახლა ავღანეთში მიდის… მოგვეცა საშუალება, ცოცხალი ლეგენდები პირადად გვენახა, გავსაუბრებოდით მათ, ჩამოგვერთმია ხელი. ვფიქრობ, ეს ორივე მხარისათვის ძალიან სასიამოვნო დღე იყო“,- განაცხადა გრიგოლ ჭელიძემ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სამხედროებთან ურთიერთობით გამოწვეულ ემოციებზე გაამახვილა ყურადღება კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველმა ქეთევან დუმბაძემ.
„მთელი საქართველო მოვიარეთ, აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით. 120-ზე მეტი შეხვედრა ჩავატარეთ. არსად არასდროს ასეთი გულისფანცქალით და ასეთი ღელვით არ მივსულვართ. დღეს ჩვენ მოვედით ბიჭებთან, რომლებიც გაიგივებულები არიან სამშობლოსთან ვაჟკაცობასთან, გმირობასთან, ქართველობასთან. აბსოლუტურად სხვა ღელვა იყო ეს. მიხარია, რომ პროექტმა ამგვარი გაგრძელება ჰპოვა. ჩვენს ბიჭებს დავპირდით, რომ ოქტომბერში, როდესაც ისინი ავღანეთიდან დაბრუნდებიან, კვლავ ვესტუმრებით და ბევრ საინტერესო რამეს წავუკითხავთ და ისინი კი ავღანეთის შესახებ მოგვიყვებიან“, – აღნიშნა ქეთევან დუმბაძემ.
ცნობისთვის, პროექტი „ცოცხალი წიგნები“ კულტურისა და თავდაცვის სამინისტროებს შორის ნოემბერში გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება. თანამდეროვე ქართველი მწერლების პირველი შეხვედრა ჯარისკაცებთან 7 ნოემბერს კოჯრის სერჟანტთა მომზადების ცენტრში გაიმართა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები