დავით ებრალიძე ტომას კოსენდეის შეხვდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესვერის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ტომას კოსენდეი ეწვია.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან, დავით ებრალიძესთან შეხვედრაზე, სტუმარმა ქართულ მხარეს სამხედრო სამოქალაქო თანამშრომლობის, შეიარაღებულ ძალებში სამოქალაქო კონტროლისა და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ზრუნვის საკითხებზე გერმანიის გამოცდილება გაუზიარა.
მან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილებაც გაიხსენა და ამ პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და მის დადებით მხარეებზე ისაუბრა.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივები, ნატო-საქართველოს ურთიერთობა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის კიდევ უფრო გაზრდა იყო.
„ვისაუბრეთ, როგორ შეიძლება გახდეს საქართველოს შეიარაღებული ძალები ნატოსთან კიდევ უფრო თავსებადი, როგორ უნდა დაუახლოვდეს უფრო მეტად. საუბარი შეეხო საქართველოში უსაფრთხოების პოლიტიკას, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, რაზეც მინისტრის მოადგილემ ძალიან საინტერესო განმარტებები გააკეთა. განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. შევთანხმდით, რომ ჩვენი თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდება. ყურადღება მიექცევა ჯარისა და საზოგადოების დაახლოებას, ჯარისკაცის როლს დემოკრატიულ საზოგადოებაში“, – განაცხადა ტომას კოსენდეიმ.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მრჩეველი გიორგი თავდგირიძე, თავდაცვის უწყების სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები და კონრად ადენაუერის ფონდის წარმომადგენლები დაესწრნენ.
გიორგი თავდგირიძემ ბუნდესვერის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის ვიზიტი დადებითად შეაფასა და გერმანული მხარისა და სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ ინფორმაციისა და მოსაზრებების გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურდღება.
„მინისტრის მოადგილემ და სტუმარმა გერმანიის გადასახედიდან საქართველოს ნატოში გაწევრიანების თემის აქტუალობაზე ისაუბრეს. ნებისმიერ დონეზე, ნებისმიერ პოლიტიკოსთან ჩვენ უნდა გვქონდეს მსგავსი ტიპის დიალოგი. უსაფრთხოების თემაზე საუბრისას ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ ახალ, ე.წ. ჰიბრიდული ომის სტრატეგიასა და პრორუსული განწყობების შექმნაზე. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ვისაუბრეთ, სამხედრო სავალდებულო სამსახურს ეხებოდა. ეს საკითხი ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, მიუხედავად იმისა, დარჩება თუ არა სამხედრო სავალდებულო სამსახური. ჩვენ გვსურს, შევინარჩუნოთ სამხედრო სავალდებულო სამსახური, დიდი ალბათობით მიდგომა შეიცვლება. ეს აღარ იქნება მშრალი იძულება – მოტივაციის მაღალი ხარისხი უნდა შევქმნათ. ამ თვალსაზრისით, ძალიან საინტერესოა გერმანელების გამოცდილება. მათ უკვე დიდი ხანია დანერგილი აქვთ შეიარაღებაში მოტივაციის პრინციპი, საუბარი არ არის მხოლოდ ფინანსურ მოტივაციაზე, გარკვეული ილეთები აქვთ და ჩვენთვის საინტერესოა ამ გამოცდილების საქართველოში გადმოტანა“, – აღნიშნა მინისტრის მრჩეველმა. ტომას კოსენდეი საქართველოში კონრად ადენაუერის სახელობის ფონდმა მოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები