ინციდენტი და ფიზიკური დაპირისპირება – რა მოხდა სამთავროს დედათა მონასტერში

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი გიორგობის დღეს, სამთავროს დედათა მონასტერში მომხდარი ინციდენტის შესახებ წერს. მისი მტკიცებით, მღვდლები წირვაზე მისულ მეუფე ილარიონ სამხარაძეს და მასთან ერთად ტაძარში მისულ დედა ნინოს (ნათია სირაძე) ფიზიკურად გაუსწორდნენ.

“კვირამ“ ინფორმაციის გადამოწმება დედა ნინოსთან სცადა, რომელიც პარალელურად მეუფე ილარიონ სამხარაძის უფლებადამცველიცაა.

მისი მტკიცებით, მეუფე ილარიონ სამხარაძე ტაძარში მრევლს ლოცავდა, რა დროსაც იქ მყოფმა ერთ-ერთმა მღვდელმა მრევლს უთხრა, რომ ილარიონ სამხარაძე მეუფე არ არის.

დედა ნინო ამბობს, რომ სასულიერო პირს აღნიშნული რეპლიკის გამო შენიშვნა მისცა, რის შემდეგაც ის გარეთ იძულებით, ცემით გაიყვანეს ტაძრიდან, მეუფეს კი ფიზიკურად ტაძარში გაუსწორდნენ.

“მე და მეუფე ტაძარში მივედით, მეუფე მრევლს ლოცავდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მამაომ მრევლს რამდენჯერმე უთხრა, რომ ის მეუფე არ იყო, მე ამის გამო აღვშფოთდი და მას ვუთხარი, რომ იტყუებოდა. ამის შემდეგ ტაძრიდან გამათრიეს, მეუფეს კი ტაძარში ფიზიკურად გაუსწორდნენ. ისევ ავდექი და პატრული გამოვიძახე. უბრალო მოხუცი რომ შესულიყო, იმასაც არ უნდა მოქცეოდნენ ასე, მეუფე ილარიონ სამხარაძე კი 40 წელიწადია მღვდელმთავარია“, – აცხადებს დედა ნინო.

სამთავროს დედათა მონასტრის ერთ-ერთი დედაო კატეგორიულად უარყოფს ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს.

როგორც მან “კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, მეუფე ილარიონ სამხარაძე ტაძარში წირვის მიმდინარეობისას ხმამაღლა საუბრობდა, იწყევლებოდა და წირვის მსვლელობას აფერხებდა, საპასუხოდ მას მამაომ შენიშვნა მისცა. დედაოს ინფორმაციით, ილარიონ სამხარაძეს მღვდელმსახურების უფლება შეჩერებული აქვს.

მისვე თქმით, წირვის მიმდინარეობისას ტაძარში მსგავსი ფორმით შესვლის ეს პირველი ფაქტი არ არის.

“წირვის მიმდინარეობისას შემოვიდა ტაძარში, იატაკზე ჯოხს აბრახუნებდა და იწყევლებოდა და წირვის მსვლელობას ხელს უშლიდა, რაზეც შენიშვნა მისცეს. ეს იყო და ეს, არც ხელით შეხებას და, მით უმეტეს, ცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. როგორც ვიცი, მსგავსი ფაქტი პირველი არ არის მისი მხრიდან“, – აღნიშნა „კვირასთან“ დედაომ.

„კვირა“ საქართველოს საპატრიარქოსაც დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ მეუფე ილარიონ სამხარაძეს მღვდელმსახურების უფლება შეჩერებული აქვს და ის პენსიაზე იმყოფება.

“კვირა” მომხდარზე კომენტარისთვის შსს-საც დაუკავშირდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.

maxresdefault

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები