ისლამი და ტერორიზმი ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს, მუსულმანი ვერასდროს იქნება ტერორისტი“

“ისლამი და ტერორიზმი ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს. მუსულმანი ვერასდროს იქნება ტერორისტი“, – აღნიშნული განცხადება საქართველოს მუფტმა ბეგლარ ქამაშიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ქამაშიძის განცხადებით, არ შეიძლება პიროვნებების დანაშაულის ისლამთან გაიგივება. საქართველოს მუფტი ვარაუდობს, რომ ეს ყველაფერი ისლამოფობიისკენაა მიმართული. მისი თქმით, არიან კონკრეტული პოლიტიკური ძალები და პოლიტიკოსები, რომელთაც სურთ, რომ საზოგადოებას ისლამი შეაძულონ.
„ ყურანში ღმერთი გვიბრძანებს: „ვინც მოკლას ერთი ადამიანი, მას ისეთი ცოდვა ეწერება, თითქოს მთელი კაცობრიობა გაუნადგურებია, ვინც გადაარჩენს ერთ ადამიანს,მას ისეთი მადლი ეწერება, თითქოს მთელი კაცობრიობა გადაურჩენია“. ისლამი და ტერორიზმი ერთ კონტექსტში არ უნდა მოიხსენიებოდეს. ტერორისტი შეიძლება იყოს ქრისტიანიც, ებრაელიც, იქნება მუსულმანიც, მაგრამ თუ პიროვენებები აშავებენ, მათი ჩადენილი დანაშაულის გამო მათ რელიგიას არ უნდა შევეხოთ და მათი დანაშაულები რელიგიებს არ უნდა მივაწეროთ. ისლამი გმობს ძალადობას, რელიგია თუ ძალადობას ქადაგებს, ის ვერ იქნება რელიგია. რა პრობლემაც არ უნდა შეექმნას, მუსულმანი ვერ მოკლავს ადამიანს. ჩვენ ვგმობთ ასეთ ფაქტებს. მუსლიმთა სააგენტო და ყველა სასულიერო ლიდერი ყურადღებას ვაქცევთ, რომ ეს ფაქტები არ იყოს საქართველოში, რომ ისლამი არ გამოიყენონ ადამიანებმა ისეთი კუთხით, ვიღაცას რელიგია შეაძულონ. ეს ყველაფერი ისლამოფობიისკენაა მიმართული. არიან ალბათ კონკრეტული პოლიტიკური ძალები, პოლიტიკოსები, რომელთაც სურთ, რომ საზოგადოებას შეაძულონ ისლამი და ადამიანები ჩამოშორდნენ ყურანს“, – ბეგლარ ქამაშიძემ.
რაც შეეხება საქართველოდან წასულ მუსულმანებს და მათ მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვას, სადაც ისინი საქართველოს ემუქრებიან, მუფტი 2 პიროვნებას იცნობს.

„ისინი დადიოდნენ მეჩეთში და ჩვეულებრივი მლოცველი ადამიანები იყვნენ. რამ გადააწყვეტინათ მათ ასეთი ქმედების ჩადენა, არ მესმის. ვერ წარმომედგინა, რომ მორწმუნე ადამიანი ასეთ რამეს გადაწყვეტდა“, – განაცხადა ბეგლარ ქამაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები