ნოდარ ხადური ევროკავშირის ეკონომიკისა და ფინანსურ საკითხებში გენერალური დირექტორატის წარმომადგენლებს შეხვდა

 

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ევროკავშირის ეკონომიკისა და ფინანსურ საკითხებში გენერალური დირექტორატის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მათ შორის, საქართველოს მიერ მაკროფინანსური დახმარების კუთხით ევროგაერთიანებასთან ხელმოწერილი მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა.

მინისტრმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობის, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და ქვეყანაში მიმდინარე სტრუქტურული რეფორმების შესახებ, ასევე საქართველოს მხრიდან მემორანდუმით განსაზღვრული ღონისძიებების შესახებ. ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაკროფინანსური დახმარების შესახებ შეთანხმებას ხელი 2014 წლის დეკემბერში მოეწერა.

მაკროფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირმა საქართველოსთვის გამოყო 46 მილიონი ევრო. მაკროფინანსური დახმარების პროგრამის მიზანია საქართველოს საგადამხდელო ბალანსისა და ბიუჯეტის განმტკიცება და ისეთი რეფორმების მხარდაჭერა, რომელიც ეკონომიკური მართვის სფეროში რეფორმების განხორციელებაზე, სოციალური ჩართულობის გაზრდასა და უფრო მჭიდრო ეკონომიკურ ინტეგრაციაზეა ორიენტირებული.

მაკროფინანსური დახმარება მხარს უჭერს რეფორმებს საჯარო ფინანსების მართვის, სოციალური პოლიტიკის, საბანკო ზედამხედველობისა და ვაჭრობისა და კონკურენციის პოლიტიკის სფეროებში, რაც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის განხორციელებას შეუწყობს ხელს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მემორანდუმში განსაზღვრული ღონისძიებები საქართველოს მხრიდან დროულად იქნა შესრულებული და ანგარიში გაეგზავნა ევროკავშირის წარმომადგენლებს. ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრო ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები