ISIS-ის ქართველი მებრძოლის დედის მიმართვა შვილს – „ჭკუაზე მოვიდეს და ცოლ-შვილს დაუბრუნდეს“

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ გუშინ გავრცელებული ვიდეომიმართვის ერთ-ერთი მონაწილის ბადრი ირემაძის დედა, შვილს მოუწოდებს, გონს მოეგოს და საქართველოში დარჩენილ ცოლ-შვილს დაუბრუნდეს.
„გონზე მოვიდეს. მის ცოლ-შვილს დაუბრუნდეს, ჭკუაზე მოვიდეს. მადლი და სიკეთე თუ უნდა, აქაც შეიძლება, ჩვენ არავინ გვიშლის აქ რწმენას და მსახურებას“, – აღნიშნა მერი ირემაძემ გადაცემა „არჩევანში“.
როგორც ირემაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, მისი შვილი თურქეთში სამუშაოდ სექტემბრის დასაწყისში წავიდა. მისივე თქმით, ბადრი ირემაძეს წასვლამდე მეუღლესთან კონფლიქტი მოუვიდა. “მებრძოლის” დედა ვარაუდობს, რომ მის შვილს მეუღლესთან უთანხმოება სწორედ უცხო ქვეყანაში წასვლის საკითხთან დაკავშირებით ჰქონდათ.
„ჩემი შვილი თურქეთში სამუშაოდ სექტემბრის დასაწყისში წავიდა. მე მხოლოდ ვიცოდი, რომ თურქეთში სამუშაოდ მიდიოდა, ფული მჭირდებაო. ის უკვე წასული იყო, როდესაც მისი წერილი გადმომცეს, სადაც სამუდამოდ მემშვიდობებოდა. მეუბნებოდა, რომ სამუდამოდ მივდივარო. სამუდამოდ გემშვიდობებიო. სანამ წავიდოდა, მითხრა, რომ მუსულმან ქვეყანაში მინდა წასვლაო. ის ამბობდა, რომ მუსულმანებს უნდა დავეხმაროო. მე ვუთხარი, – როგორ მტოვებ-მეთქი. მეც შემომთავაზა, რომ წავსულიყავი, მაგრამ უარი ვუთხარი. ის შვილს ელოდებოდა და მეგონა, ბავშვი გადააფიქრებინებდა. საიდან ვიცოდი ვისთან ჰქონდა კავშირი, ის ხშირად დადიოდა ბათუმში სალოცავად. მან დატოვა მეუღლე და შვილი. ჩემი რძალი დედასან არის წასული, ჩვენი სახლიდან წასულია. რაღაც უკმაყოფილება მოუვიდათ ალბათ, წასვლასთან დაკავშირებით“, – აცხადებს მერი ირემაძე.
მისი თქმით, თურქეთში იმყოფებოდა მისი მეორე შვილიც, რომელიც საქართველოში დაახლოებით ათი დღის წინ დაბრუნდა. დედა არ გამორიცხავს, რომ ძმებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ირემაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოდან მისი მეორე შვილი არ წავა.
მებრძოლ ბადრი ირემაძის დედა მერი ირემაძე ამჟამად, გურიის სოფელ ნასაკირალში ცხოვრობს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ერთ-ერთ საიტზე ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების ვიდეომიმართვა გავრცელდა ქართველი ხალხის მიმართ. აჭარის რეგიონიდან სირიაში წასული ქართველი მუსულმანები ვიდეოში აცხადებენ, რომ „ღმერთის წყალობით სულ მალე დადგება ის დრო, როცა ყველას, ვინც ისლამის წინააღმდეგ იბრძვის, თავებს დააჭრიან“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები