დავით უსუფაშვილი: მე მინდა, ჩვენს ამომრჩეველს მივულოცო მრავალპარტიულობის, საპარლამენტო ცხოვრების 25 წელი

საქართველოში მრავალპარტიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან 25 წლის საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში ფოტოგამოფენა – „საპარლამენტო დემოკრატია საქართველოში“ გაიხსნა.
საკანონმდებლო ორგანოს ინფორმაციით, მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მიმართა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, 25 წლის წინ ჩატარებულმა პირველმა მრავალპარტიულმა არჩევნებმა საქართველოში ახალ ეპოქას დაუდო სათავე.
„მინდა მოგახსენოთ ყველას, სრულიად გულწრფელად, რომ დღეს განსაკუთრებული ემოციები მეუფლება. მეუფლება ის ემოციები, რომლებიც უკავშირდება ჩვენი ერთობლივი, თანამედროვე ეპოქის 25 წელს. 25 წელი არჩევნებით, 25 წელი პარლამენტით, 25 წელი მრავალპარტიული ცხოვრება, ეს არის სწორედ ის პერიოდი, რომელიც ჩვენ ერთად განვვლეთ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს სამშობლოში. დიახ, სწორედ 25 წლის წინ, 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდა ის პირველი, მრავალპარტიული არჩევნები,ჯერ კიდევ პოსტსაბჭოეთისკენ მიმავალ საბჭოთა საქართველოში, რომელმაც სათავე დაუდო ახალ საქართველოს, ახალ ეპოქას, ახალ ცხოვრებას ჩვენი ერის, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ჩვენ დღეს შევიკრიბეთ, რათა სწორედ ეს დღეები გავიხსენოთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე განცხადებით, გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოსურათები, დოკუმენტები და სხვა ისტორიული საგნები კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ ყველაფერს, რაც ქვეყანამ 25 წლის განმავლობაში გაიარა.
„ეს ყველაფერი ჩვენი საერთო ცხოვრებაა, საერთო განვლილი წლებია და არაფერი არ უნდა დავივიწყოთ, რაც არ უნდა მძიმე იყოს,რაც არ უნდა რთული იყოს სხვადასხვა მოვლენის გახსენება“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ერთიანი აზრი და პოზიცია იმ მოვლენებზე, რაც სხვადასხვა კონკრეტულ ვითარებაში ხდებოდა, პოლიტიკურ პარტიებს არც მაშინ ჰქონიათ და არც ახლა აქვთ, თუმცა, მისივე განმარტებით, სწორედ ესაა თავისუფლება.
„ჩვენ არც მაშინ გვქონდა ერთიანი აზრი და პოზიცია იმ მოვლენებზე, რაც ხდებოდა იმ კონკრეტულ ვითარებებში და არც ახლა გვაქვს ერთი აზრი და პოზიცია და სწორედ ესაა ის თვისუფლება, რომლისკენაც ვისწრაფოდით. ის თავისუფლება თითოეული ჩვენგანის, ჩვენი თანამოაზრეების, ჩვენი პარტიების, ჩვენი საზოგადოების, რომელიც სხვადასხვა თემებს სხვადასხვანაირად აფასებს, ჩვენს ნაღვაწს სხვადასხვანაირად აფასებს, მაგრამ ეს არის ჩვენი სამშობლო, ეს არის ის, რაც ჩვენ ერთად შევძელით დღემდე“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მრავალპარტიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან 25 წლის იუბილე პარლამენტის თავმჯდომარემ, განსაკუთრებით, ქართველ ამომრჩეველს მიულოცა. დავით უსუფაშვილის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ 25- წლიანი გამოცდილება უკეთესი მომავლის საწინდარია.
„მე მინდა, პირველ რიგში, ჩვენს ამომრჩეველს, ჩვენს მოქალაქეებს მივულოცო მრავალპარტიულობის, საპარლამენტო ცხოვრების 25 წელი. მინდა, მადლობა მოგახსენოთ იმისთვის, რაც გააკეთეთ. მინდა, თქვენთან ერთად შევუერთდე იმ გულისტკივილს, რაც ვერ გავაკეთეთ. კიდევ უფრო გულისტკივილს, თუ გაკეთება გვინდოდა და ზოგჯერ არ გამოგვივიდა და შეიძლება სხვანაირად წავიდა საქმე, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ამ 25 წლის გამოცდილება ჩვენ  გაცილებით უკეთეს მომავალს გვიქადის, იმიტომ, რომ ჩვენ ვსწავლობთ საკუთარ შეცდომებზე, საკუთარ წინსვლაზე და რაც უფრო დრო გავა, მით უფრო გაიზრდება როლი და დატვირთვა პარლამენტის, არჩევითი ორგანოს და მით უფრო მეტ კარგ საქმეს გავაკეთებთ ჩვენი საზოგადოებისთვის“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები