ედგარს ლინკევიჩსი: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს ლინკევიჩსი ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ელიტა გაველესთან ერთად სოფელ დიცს ეწვია.
ედგარს ლინკევიჩსმა საოკუპაციო ხაზი მოინახულა და არსებულ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
მინისტრმა სოფელ დიცში 2014 წელს გახსნილი საბავშვო ბაღი მოინახულა, რომლის კეთილმოწყობა საქართველოში ლატვიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
„საქართველოში ბევრჯერ ვარ ნამყოფი, მაგრამ აქ პირველად ჩამოვედი. მსურს კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. გვჯერა, რომ ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია დროებითია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში“, – განაცხადა ედგარს ლინკევიჩსმა.