,,ჯორჯიან თაიმსი“ და ,,გორბი“ მე-16 ბიზნესრეიტინგის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალს გამართავენ
26 ნოემბერს მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსისა“ და საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია „გორბის“ XVI ტრადიციულ ბიზნესრეიტინგში გამარჯვებულ კომპანია/ბიზნესმენთა დაჯილდოების ცერემონიალი და საზეიმო ვახშამი გაიმართება.
როგორც იდეის ავტორებმა: „ჯორჯიან თაიმსის“ ხელმძღვანელმა მალხაზ გულაშვილმა და „გორბის“ წარმომადგენელმა მერაბ ფაჩულიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტეს, პროექტის მიზანი, ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, ბიზნესისა და ხელისუფლების დიალოგის მხარდაჭერაა.
„ჩვენი მიზანია მხარი დავუჭიროთ, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის დიალოგს, ქართული ბიზნესის ახალი იმიჯის ჩამოყალიბებას, ახალი პერსპექტიული კომპანიების წარმოჩენას, საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენების ურთიერთდაახლოებას. რაც მთავარია, ქართული ბიზნესის მიმართ საერთაშორისო ბიზნესსაზოგადოების ყურადღების მიპყრობას ხელი უნდა შევუწყოთ. ქართული ბიზნესის წარმოჩენასა და პოპულარიზაციაში კი ბიზნესრეიტინგის წვლილს არა მხოლოდ საქმიანი, არამედ პოლიტიკური სამყაროც აღიარებს“, – აღნიშნა მალხაზ გულაშვილმა.
როგორც პროექტის ავტორებმა განმარტეს, რეიტინგში მსხვილი გადამხდელი კომპანიები ხვდებიან. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა “Georgian Times”-ს და „გორბის“ მიაწოდა იმ კომპანიების სია, რომელთაც საქართველოს ბიუჯეტში 1 000 000 000 ლარი და მეტი შეაქვთ.
ფაჩულიას განმარტებით, ამის შემდეგ ექსპერტებმა, ეკონომიკური პროფილის ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდების, მრეწველთა და გადამხდელთა კავშირების წარმომადგენლებმა, სოციოლოგიური კვლევების სამსახურებმა გამოავლინეს საუკეთესო და წარმატებული კომპანიების ტოპ-60, რომელთა შორის გამოვლინდა 30 საუკეთესო კომპანია, რომელიც თავის რიგებს შორის გალასაღამოზე ერთ გამარჯვებულს, ანუ ლიდერს ლიდერთა შორის გამოავლენს, რჩეულს რჩეულთა შორის კი ერთი წლით გარდამავალი გრან-პრი გადაეცემა, ბიზნესის ეროვნული ჯილდო – ხელნაკეთი და ექსკლუზიური კომპოზიცია „ბოლნური ჯვარი“, დამზადებული ძვირფასი ლითონებისგან: ოქროსა (31,5 გრ) და ვერცხლისგან (12 გრამი), ბუნებრივი ქვებისგან -ბრილიანტი (1 ცალი), ლურჯი საფირონი (1 ცალი), ფირუზი (4 ცალი), ცირკონი (2 ცალი), მწვანე ძოწი (2 ცალი). დანარჩენი კომპანიები კი სხვადასხვა ნომინაციით და ტოპ-30 საუკეთესო კომპანიის დამადასტურებელი დიპლომებით და ნომინაციებით დაჯილდოვდებიან.
გამარჯვებული კომპანიების სია, რომელსაც რეიტინგის დაჯილდოების ცერემონიალზე წარადგენენ, ასე გამოიყურება: „Black Sea Group“, „ბაზისბანკი“, „ჯეოსელი“ , „ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი“ , „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“, „თი-ბი-სი ბანკი“ , „ორბი ჯგუფი“, „ნიკორა სუპერმარკეტი“, „ლიბერთი ბანკი“ , „სოკარ ენერჯი ჯორჯია“ , „გეოპლანტი/გურიელი“, „ენ-სი-სი“ , „ჯეოსთილი“ , „ავერსი“, „პეტროკასი“, „PSP ჯგუფი“ , „რუსთავის აზოტი“, „სარაჯიშვილი“, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“, „სუპერმარკეტების ქსელი სმარტი“, „ქართული ლუდის კომპანია – „ზედაზენი“, „თეთრი ქუდი“ , „შუხმან ვაინს ჯორჯია“ , „ ჯორჯიან ამერიქან ელოის“, „Dugladze Wines & Spirits and Gomi Vodka“, „Georgian Products“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, „რაკია ჯგუფი“, „საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“, „თეგეტა მოტორსი“.
რაც შეეხება კონკურსს, გამარჯვებული ფარული კენჭისყრით გამოვლინდება და მასში თავად დასახელებული კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ღონისძიება 26 ნოემბერს, 20:00 სთ-ზე, “ფუნიკულიორის კომპლექსის წვეულებათა დარბაზში”, III სართულზე გაიმართება.