„ბაროკოს მუსიკის საერთაშორისო სიმპოზიუმი – 2015“ გაიმართება
27 ნოემბერს, 19:00 საათზე, „საქართველოს სინფონიეტას“ დარბაზში „Sinfonietta Stage” “თბილისის ბაროკო ფესტივალის“ ფარგლებში, პირველად საქართველოში „ბაროკოს მუსიკის საერთაშორისო სიმპოზიუმი“ შედგება. რომელიც ი.ს. ბახის, დ.სკარლატისა და გ.ფ. ჰენდელის დაბადებიდან 330-ე საიუბილეო წელს ეძღვნება. პროექტის მიზანია ძველებური მუსიკის პოპულარიზაცია და განვითარება, რისთვისაც საჭიროა როგორც კონცერტები, აგრეთვე ლექციები. შესაბამისად, საფესტივალო კონცერტებთან ერთად სამეცნიერო ლექციების მოსმენის შემდეგ ბევრი ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელი, მუსიკისმცოდნე თუ უბრალოდ მუსიკის მოყვარული დაინტერესდება ძველებური მუსიკით, გაიაზრებს მის მნიშვნელობას და მიიღებს დიდ ინფორმაციას ამ ეპოქის შესახებ, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია როგორც საშემსრულებლო, აგრეთვე სამეცნიერო მიმართულებით.
სიმპოზიუმის ფარგლებში შედგება სამი საჯარო ლექცია: 27 ნოემბერს, ვარშავას ფ. შოპენის სახელობის მუსიკის უნივერსიტეტის ასისტენტ – პროფესორი ალინა რატკოვსკა წაიკითხავს ლექციას „დ. სკარლატი და მისი მუსიკალური გარემოცვა“ ; 2 დეკემბერს, კი ლაიფციგის მენდელსონის მუსიკისა და თეატრის უნივერსიტეტის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი ქეთევან შენგელია ჩაატარებს საჯარო ლექციას „ი. ს. ბახი და მისი დინასტია“; 5 დეკემბერს, სიმპოზიუმის დასკვნით ლექციას სახელწოდებით „მონარქია და ჰენდელის მუსიკა“ წარმოგვიდგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი თეა მუქერია.
ლექციები ჩატარდება 27 ნოემბერს, 2 და 5 დეკემბერს, 19:00 საათზე, „საქართველოს სინფონიეტას“ დარბაზში „Sinfonietta Stage” (სანაპიროს ქ.4, შენობა 2, სართული 8). იმდენად, რამდენადაც ლექციები მულტიმედიური და თემატურად მრავალფეროვანი იქნება, ის დააინტერესებს როგორც პროფესიონალებს, აგრეთვე მუსიკის მოყვარულებს. ლექციებზე დასწრება თავისუფალია და ველით ყველას. სიმპოზიუმის იდეის ავტორი და მენეჯერი – თეა მუქერიაა.