გაეროს უშიშროების საბჭომ ტერორიზმთან ბრძოლის რეზოლუციას ერთხმად დაუჭირა მხარი
გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი ტერორიზმთან ბრძოლის რეზოლუციას, რომელიც საფრანგეთმა წარმოადგინა. მას უშიშროების საბჭოს 15-ვე წევრმა მისცა ხმა. რეზოლუცია მოუწოდებს მსოფლიოს ქვეყნებს, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ყველა აუცილებელი ზომა მიიღონ და გააორმაგონ ძალისხმევა ტერორისტული აქტების პრევენციისთვის.
ძირითად საფრთხეებს შორის ჩამოთვლილია ტერორისტული დაჯგუფებები: „ისლამური სახელმწიფო“, „ჯებჰათ ან-ნუსრა“ და „ალ ქაიდა“, ასევე მათთან დაკავშირებული ორგანიზაციები.
გაეროს უშიშროების საბჭო მოუწოდებს სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე ტერორისტების მიერ მოწყობილი უსაფრთხო ადგილების მოსპობას, ასევე იმ ფინანსური ნაკადების აღმოფხვრას, რომლებიც მიმართულია ტერორისტული დაჯგუფებების დასაფინანსებლად. რეზოლუციაში ასევე დაგმობილია ტერორისტული აქტები ანკარაში, ბეირუთში, პარიზში, ასევე ეგვიპტეში რუსული ავიალაინერის А321-ის განადგურება.