დავით უსუფაშვილი: მე უნდა დავესწრო უშიშროების საბჭოს სხდომას და ასეც მოვიქცევი
როდესაც პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს მოწვევას გადაწყვეტს, თუ რაიმე გადაუდებელი წინააღმდეგობა არ მაქვს, მაშინ საბჭოს უნდა დავესწრო და მე ასეც მოვიქცევი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განუცხადა.
როგორც ის აცხადებს, ყველა ადამიანი ვალდებულია დაიცვას კონსტიტუცია.
მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარეს კონსტიტუცია ავალდებულებს დაესწროს პრეზიდენტის მიერ მოწვეულ უშიშროების საბჭოს სხდომას. “არ არის აუცილებელი იყო პარლამენტის თავმჯდომარე, საკმარისია, ვიყოთ ჩვეულებრივი მოქალაქე ამ ქვეყნის, რომ ვიცოდეთ, რომ კონსტიტუციური წესრიგი არის დასაცავი, კონსტიტუცია არის დასაცავი, კონსტიტუციური უფლებამოსილებები ამა თუ იმ პირების მიერ არის შესასრულებელი და ყველა ვცდილობთ ეს გავაკეთოთ. მათ შორის მეც. ბოლო ცვლილებებით უშიშროების საბჭოს შესახებ კანონში, პარლამენტის თავმჯდომარეს ცოტა სხვა სტატუსი მიეცა ამ საბჭოში, მანამდე პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდა უფლება დასწრებოდა თავის შეხედულებისამებრ, არა წევრის სტატუსით, ახალი ცვლილებებით პარლამენტის თავმჯდომარე არის უშიშროების საბჭოს წევრი, უშიშროების საბჭოს მოწვევის საკითხს წყვეტს არა პარლამენტის თავმჯდომარე, არამედ პრეზიდენტი, ამიტომ, როდესაც იგი გადაწყვეტს ასეთი საბჭოს მოწვევას, თუ მე არ მაქვს რაიმე გადაუდებელი და შეუძლებელი წინააღმდეგობა, მაშინ მე უნდა დავესწრო ამ საბჭოს და მე ასეც მოვიქცევი. კონკრეტულად 4 დეკემბრისთვის მე ვიქნები დაბრუნებული უცხოეთიდან და იმედია მშვიდობით ჩამოვალ და დავესწრები საბჭოს,” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.