იემენში სამხედროების ბლოკ-საგუშაგოზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
იემენში ბლოკ-საგუშაგოზე მომხდარი თავდასხმის შედეგად 14 სამხედრო და 15 მოხალისე დაიღუპა. თავდასხმა ჰადრამაუთის პროვინციაში მოხდა. ტერორისტებმა ჯერ ავტომობილი ააფეთქეს, ხოლო შემდეგ სამხედროებს ცეცხლი გაუხსნეს.
თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თავდასხმის უკან „ალ – ქაიდა“ დგას, რომელმაც წელს ამ პროვინციაში რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავა. თუმცა მოგვიანებით ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ სოციალურ ქსელებში გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო. ჯიჰადისტების ვერსიით, მათ 50 სამხედრო გაანადგურეს, ხოლო თავდამსხმელების მხრიდან თვითმკვლელი ტერორისტი დაიღუპა, რომელმაც მანქანა ააფეთქა.