ბერნარდ კუშნერი: საქართველოში რუსეთის როლს არ ვიზიარებ, მაგრამ სირიაში გადავწყვიტეთ, ერთად გვემოქმედა
საფრანგეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ბერნარდ კუშნერმა საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას პარიზის ტერაქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და განაცხადა, რომ საფრანგეთმა გადაწყვიტა რუსეთთან ერთად იბრძოლოს ამ საკითხში.
როგორც კუშნერმა აღნიშნა, არ იზიარებს რუსეთის პოზიციას საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებაში, თუმცა საფრანგეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ სირიაში მასთან ერთად ემოქმედა. “თქვენ ნამდვილად გაოცებული იქნებით, რამდენად ძლიერი იქნება ჩემი ქვეყანა, ამ ბარბაროსების წინააღმდეგ ბრძოლაში. რატომ დაგვესხნენ თავს, იმიტომ, რომ ასეთი გზით თანამედროვე სამყაროს ესხმიან თავს, მათ უნდათ ინდივიდუალური თავისუფლება ჩაახშონ და ეს რელიგიის უკან ამოფარებულებმა ჩაიდინონ. საფრანგეთში ცხოვრობს 5-6 მილიონი მუსლიმი. ჩვენ ვართ შემწყნარებლები მათ მიმართ. რელიგიის გამოყენება იმისთვის, რომ სისხლით გაიკვალო გზა, სრულიად მიუღებელია. ისინი თავს დაესხნენ არა მხოლოდ საფრანგეთს, ისინი თავს დაგესხნენ თქვენ, ევროპას, მთელს მსოფლიოს. ამ ბრძოლაში ტერორიზმის წინააღმდეგ საჭიროა ერთიანობა. იმისთვის, რომ ვიყოთ საკმარისად ეფექტურები, რომ ISIS-ს შევუტიოთ, ერთობლივი ძალისხმევა გვესაჭიროება. რაც შეეხება უკრაინაში, საქართველოში, რუსეთის როლს, რა თქმა უნდა, არ ვიზიარებ, მაგრამ სირიაში გადავწყვიტეთ ერთად გვემოქმედა”, – განაცხადა ბერნარდ კუშნერმა და დასძინა, რომ ეს ბრძოლა შესაძლოა, თვეების და წლების განმავლობაშიც გაგრძელდეს, რათა აღიკვეთოს ფაშისტური შეტევა საფრანგეთზე”,-განაცხადა კუშნერმა. კუშნერის თქმით, “ისლამურ სახელმწიფოში” ათასზე მეტი ფრანგი არის გაწევრიანებული. როგორც მან აღნიშნა, ISIS-ს რიგებში საბრძოლველად მთელი ევროპიდან, მათ შორის საქართველოდანაც მიდიან. “რატომ ექცევიან ამ პროპაგანდაში. შეიძლება ნაწილობრივ ეს ჩვენი ბრალიცაა. ალბათ, არ შევთავაზეთ საკმარისი რომანტიზმი, საკმარისი თავგადასავალი, მიზანი, სულიერი საზრდო. თუმცა მესმის, რომ ეს არ არის კარგი განმარტება იმისა, რაც მოხდა”, – აღნიშნა კუშნერმა.