ფონიჭალაში სასწრაფო დახმარების მძღოლს მამაკაცმა, სავარაუდოდ, ცრემლსადენი გაზი შეასხა

ფონიჭალაში სასწრაფო დახმარების მძღოლს მამაკაცმა, სავარაუდოდ, ცრემლსადენი გაზი შეასხა. როგორც “კვირას” თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია გედენიძემ განუცხადა,  მამაკაცის გაღიზიანება ქვემო ფონიჭალის მისამართზე გამოძახებული ბრიგადის დაგვიანებამ გამოიწვია. გედენიძე აღნიშნავს, რომ მედიკოსები პაციენტთან გამოძახებიდან 17 წუთში მივიდნენ.
„მამაკაცმა მძღოლს თავდაპირველად სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების მცდელობაც ჰქონდა. სწორედ ამ ყოველივეს შემდეგ ამოიღო ჯიბიდან გაურკვეველი სახის ნივთიერება და მძღოლს სახეში შეასხა. მძღოლმა ინტოკსიკაცია მიიღო. მას სამედიცინო დახმარება სასწრაფოს ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს. მედიკოსები პაციენტთან ვეღარ მივიდნენ“, – განაცხადა გედენიძემ.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 166-ე მუხლით არის აღძრული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. სამართალდამცველებმა ერთი პირი ადგილზე დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები