ნოდარ კერესელიძე სოფია სცალცკის შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ პოლონეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრის მოადგილესთან, სოფია სცალცკისთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) კონტექსტში, საქართველოსთვის პოლონეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაფართოების საკითხებზე გაამახვილა. სოფია სცალცკიმ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მზარდი დინამიკის შესახებ და დაადასტურა პოლონეთის მთავრობის ინტერესი ქვეყნებს შორის სოფლის მეურნეობის დარგში ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. „თვალსაჩინოა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ დროს უთმობს აგრარული დარგის პროგრესის ხელშეწყობას და, შესაბამისად, სექტორი სწრაფად ვითარდება. პოლონეთის მთავრობა მზადყოფნას გამოთქვამს, სოფლის მეურნეობის დარგის ყველა მიმართულებით გავააქტიუროთ ურთიერთობები“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირთან ურთიერთობების გამოცდილებისა და აგრარულ დარგში არსებული ცოდნის გაზიარების მიზნით, პოლონელი ექსპერტების მონაწილეობით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებისა და სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისთვის სემინარი გაიმართა. პოლონეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების მინისტრის მოადგილემ, სოფია სცალცკიმ, დელეგაციის წევრებთან ერთად, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფისები დაათვალიერა და სტრუქტურების საქმიანობას გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები