საქართველოს ბრიტანელ ექსპერტთა დელეგაცია ესტუმრა

16 და 17 ნოემბერს, ბრიტანელ ექსპერტთა დელეგაციამ კონსულტაციები გამართა წარსულში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე რეაგირების სახელმწიფო პოლიტიკის საკითხებზე.
შეხვედრების მიზანი იყო ორგანიზაცია „ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის“ მიერ ინიცირებული და საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მიერ დაფინანსებული კვლევის „წარსულის პირისპირ: გაკვეთილების საერთაშორისო გამოცდილებიდან“ მიგნებების გაზიარება და შესაძლო გამოსავლების განხილვა.
დელეგაცია ასევე შეხვდა მთავარი პოლიტიკური პარტიების უმრავლესობას, ხელისუფლების ყველა შტოს, დაზარალებულ პირთა ჯგუფებს, დიპლომატიური კორპუსისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ვიზიტის შედეგად ნათელი გახდა, რომ საქართველოში წარსულში ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით სიმართლის დადგენის დიდი სურვილი არსებობს. აღინიშნა, რომ სათანადოდ გააზრებული სიმართლის დადგენისა და შეფასების მექანიზმის შექმნა, სავარაუდოდ, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, ხელს შეუწყობდა პროგრესის მიღწევას და მომავალში მართლმსაჯულების პროცესის პოლიტიკისგან გამიჯვნას მოემსახურებოდა. დალეგაცია დადებითად აფასებს ფაქტს, რომ ყველა ძირითადი პოლიტიკური მოთამაშის მხრიდან მართლმსაჯულების რეფორმის პარტიულ-პოლიტიკური კონკურენციის სფეროდან გამიჯვნის სურვილი დაფიქსირდა. ამასთანავე, დელეგაციის წევრებმა მოისმინეს და გაიზიარეს ის გამოწვევები, რომელიც ახლავს წარსულის უსამართლობებთან გამკლავების პროცესს. ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის ცნობით, მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზების აღმოფხვრის კომპლექსური სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება ემსახურება სამართლის უზენაესობისა და საკუთრების უფლებების დაცვის განმტკიცებას. აღნიშნული პოლიტიკის მოსალოდნელი შედეგებიდან აღსანიშნავია ნდობის აღდგენა საჯარო ინსტიტუტების მიმართ და გაუმჯობესებული საინვესტიციო გარემო, რაც, თავის მხრივ, ემსახურება ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. პროცესი ხელს შეუწყობს ქართული დემოკრატიის კონსოლიდაციას და საქართველოს როლის გაძლიერებას რეგიონში. ახლო მომავალში დელეგაცია მოამზადებს წინადადებებს წარსულში ადამიანის უფლებათა დარღვევების მიმართ რეაგირების სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის ძირითად მიმართულებებზე.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი (BEC) წარმოადგენს არასამთავრობო, აპოლიტიკურ და არალობისტურ ორგანიზაციას, საქართველოში მოღვაწეობის თითქმის ათწლიანი გამოცდილებით, რომლის ძირითადი მიზანია კერძო და საჯარო სექტორებს შორის კონსტრუქციული დიალოგის განვითარება და საქართველოს პარლამენტის ხელშეწყობა, უკეთესი ეკონომიკური კანონმდებლობის და უფრო ხელსაყრელი ბიზნესგარემოს შესაქმნელად. ცენტრი საქართველოში 2004 წელს, ევროკომისიის მხარდაჭერით დაფუძნდა, როგორც საკანონმდებლო დიალოგის დამოუკიდებელი პლატფორმა, თავისი ბრიტანული ანალოგის შესაბამისად. BEC მუშაობს მართლმსაჯულების ხარვეზების, საკუთრების უფლებებისა და ეკონომიკური მმართველობის თემებზე 2014 წლის ოქტომბრიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები