აშშ-ში ვასილ ყულჯანიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში გარდაცვლილი ქართველი სამხედრო მოსამსახურის, I კლასის რიგით ვასილ ყულჯანიშვილის ხსოვნის პატივსაცემად აშშ-ში ღონისძიება გაიმართა. აშშ-ის 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის მიერ ორგანიზებულ ცერემონიალში საქართველოს სამხედრო ატაშე აშშ-ში, პოლკოვნიკი ვეფხვია ჩალაბაშვილი და მისი თანაშემწე მირიან ფოფხაძე მონაწილეობდნენ.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღონისძიება 101-ე დივიზიის III ბრიგადაში საქართველოსა და აშშ-ის სახელმწიფო დროშების აღმართვითა და ორივე ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნების შესრულებით დაიწყო. 101-ე დივიზიის III ბრიგადის საბრძოლო ჯგუფის მემორიალურ დაფაზე I კლასის რიგით ვასილ ყულჯანიშვილის სახელი და გვარი ამოიტვიფრა.
III ბრიგადის საბრძოლო ჯგუფის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ვოუელმა, აშშ-ის სახმელეთო ჯარების მდივნის მაკჰუგის სახელით, განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისთვის ქართულ დელეგაციას რიგით ვასილ ყულჯანიშვილისთვის გარდაცვალების შემდეგ მინიჭებული ბრინჯაოს ვარსკვლავი გადასცა. მოგვიანებით პოლკოვნიკებმა ვოუელმა და ვეფხვია ჩალაბაშვილმა ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი მსოფლიო უსაფრთხოების საქმეში. ცერემონიალს 101-ე საჰაერო სადესანტო დივიზიის მეთაური, გენერალ-მაიორი გარი ვოლესკი და კენტუკის შტატის გუბერნატორი სტივ ბიშეარიც დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები