საფრანგეთის პრეზიდენტი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ კოალიციის შექმნის ინიციატივით გამოდის
საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი აცხადებს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ფართო კოალიცია უნდა შეიქმნას, რომელშიც აშშ და რუსეთი შევლენ. საფრანგეთის ლიდერის თქმით, ასე შესაძლებელი იქნება „ისლამურ სახელმწიფოზე“ „გადამწყვეტი დარტყმის“ განხორციელება.
ოლანდი ამბობს, რომ ამ საკითხებს ბარაკ ობამასთან და ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილ შეხვედრებზე განიხილავს.
„კარგად მესმის, რომ სხვადასხვა ქვეყნებს განსხვავებული ინტერესები და კონცეფციები აქვთ, მათ სხვადასხვა მოკავშირე ჰყავთ. მაგრამ ახლა საუბარია არმიაზე, რომელიც მთელ მსოფლიოს უქმნის საფრთხეს და არა რომელიმე ერთ ქვეყანას. ჩვენ ამ მისიას შევასრულებთ და საფრანგეთი თავისი შეიარაღებული ძალებით და დიპლომატიით ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“, – განაცხადა ოლანდმა.
Le Figaro-ს ინფორმაციით, ოლანდმა ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთი ტერორისტებთან ომის მდგომარეობაშია და სწორედ ტერორისტებმა გამოუცხადეს მას ომი. მისი განცხადებით, „ისლამურ სახელმწიფოს“ აქვს იარაღი, ფინანსები და მიწა, ასევე მას ჰყავს მოკავშირეები ევროპაში და, კერძოდ, საფრანგეთში.