საფრანგეთმა ზღვისიქითა დეპარტამენტებშიც საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
საფრანგეთის ხელისუფლებამ პარიზში მომხდარი ტერაქტების გამო თავის ზღვისიქითა ტერიტორიებზეც საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი“ იუწყება.
„ტერორისტულ საფრთხეზე პასუხისთვის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გავრცელების შესახებ გვადელუპეს, გვიანის, მარტინიკის, მაიოტის, სენ-ბარტელემის და სენ-მარტენის ტერიტორიაზე“, – განაცხადა საფრანგეთის მინისტრმა ზღვის იქითა ტერიტორიების საკითხებში ჟორჟ პო-ლანჟვენმა.
ეს ტერიტორიები ინდოეთის ოკეანეში, მადაგასკარის სიახლოვეს, ასევე სამხრეთ ამერიკის სიახლოვეს მდებარეობს. საფრანგეთის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა 13 ნოემბრის ტერორისტული შეტევის შემდეგ გამოცხადდა. ტერორისტული აქტის შედეგად, საერთო ჯამში, 129 ადამიანი დაიღუპა.