თინა ხიდაშელი: როდესაც ხარ ისეთი ქვეყანა, როგორიც არის საქართველო, 40 მილიონი უნდა დავტოვოთ ქვეყანაში

„მე მჯერა ჩემი ქვეყნის შესაძლებლობების და დარწმუნებული ვარ, ქართული ბაზარი, შეძლებს თავის თავზე აიღოს ეს ვალდებულება”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას ქართული ჯარის კვების საკითხზე კომენტირებისას.
თინა ხიდაშელი ამ განცხადებით ოპონენტების იმ ნაწილს გამოეხმაურა, რომლებიც აცხადებენ, რომ რთულად წარმოსადგენია ჯარის მხოლოდ ქართული ხორცით კვების ინიციატივა. თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, ოპონენტებისთვის წარმოუდგენელი რომ არ ყოფილიყო ჯარის ქართული ხორცით კვება, თავად გააკეთებდნენ. “დარწმუნებული ვარ, ჩემი ოპონენტებისთვის წარმოუდგენელი რომ არ ყოფილიყო, თავად გააკეთებდნენ. ოპონენტების დიდი ნაწილი დიდი ხნის განმავლობაში ამ უწყებას ხელმძღვანელობდა. კი, მე მჯერა, რომ მათ ეს წარმოუდგენლად ეჩვენებათ. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება სწორედ იმით განსხვავდება წინა ხელისუფლებისგან, რომ უფრო მეტი რწმენა აქვს საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ქვეყნის შესაძლებლობების. მე მჯერა ჩემი ქვეყნის შესაძლებლობების და, დარწმუნებული ვარ, ქართული ბაზარი, ქართული სოფლის მეურნეობა იმ უზარმაზარი პროექტების გამო, რომელიც 2012 წელს 1 ოქტომბრის შემდეგ განხორციელდა სოფლის მეურნეობაში, შეძლებს თავის თავზე აიღოს ეს ვალდებულება”, – აღნიშნა ხიდაშელმა.
მისივე ინფორმაციით, ხორცის გარდა, დაწყებულია საუბრები ბოსტნეულის, ხილის, ქათმის ხორცის მიმწოდებლებთან. ასევე საუბარია ქართული სამშენებლო მასალებით მომარაგებაზე და სამხედრო ფორმების საქართველოში შეკერვაზე.
“40 მილიონ ლარს თავდაცვის სამინისტროს ბიჯეტიდან ჩვენ ვუშვებთ გარეთ. ეს არის აბსურდი, როდესაც ხარ ისეთი ქვეყანა, როგორიც არის საქართველო, ძირითადად, სოფლის მეურნეობით დაკავებული ქვეყანა. ეს 40 მილიონი უნდა დავტოვოთ ქვეყანაში”, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები