მომსახურების სააგენტოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის სამმართველოს და რეგიონების მართვის სამმართველოს ბათუმის განყოფილებას თბილისის N117 და ქობულეთის N6 საჯარო სკოლის უფროსკლასელები ეწვივნენ. სტუმრებს სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს. ვ
იზიტი გაცნობითი ხასიათის იყო და საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში განხორციელდა.
მომსახურების სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებმა მოსწავლეებს სააგენტოს სერვისების და საგზაო ნიშნების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს. მოზარდებმა ასევე სააგენტოს შენობა დაათვალიერეს, მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ახალ, „3D“ ბილეთებს გაეცნენ და გამომცდელთან ერთად პრაქტიკული გამოცდის ელემენტები გაიარეს. მათ ასევე მიიღეს ინფორმაცია სახელმწიფო სანომრე ნიშნის დამზადების ტექნოლოგიების შესახებ. შეხვედრის დასასრულს, მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები და მათი სკოლის ნომრის გამოსახულებიანი სანომრე ნიშანი გადაეცათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიის მიზანია საზოგადოების ინფორმირება სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ფორმების და მოქალაქეების უფლებების შესახებ, არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე მათი სამოქალაქო ცნობიერების განვითარების ხელშეწყობა.