„ორი ოთახის ფარგლებში ძალიან გვიჭირდა მუშაობა, რის გამოც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“

ორი ოთახის ფარგლებში ძალიან გვიჭირდა მუშაობა, რის გამოც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში მისი შესვლის საკითხის კომენტირებისას განაცხადა. როგორც მარგველაშვილმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტის რეზიდენციის თაობაზე ბიძინა ივანიშვილთან დისკუსიის გარეთ გამოტანას არ აპირებს.
„პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში გადმოსვლასთან დაკავშირებით უკვე გავაკეთე კომენტარი. იმ პირობებში, რომელშიც დავიწყეთ მუშაობა და იმ გეგმებში, რომელიც ამ მიმართულებით იყო დალაგებული, გარკვეული კორექტივები შევიდა. ჩემი სურვილი იყო, აქ ყოფილიყო უნივერსიტეტი. ეს პროექტი, რამდენადაც ვხედავ, ჯერ ვერ დაიძრა. ორი ოთახის ფარგლებში ძალიან გვიჭირდა მუშაობა, შესაბამისად, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ბიძინას დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ ან ჩემი დისკუსია ბიძინასთან ამ საკითხზე, ეს რჩება ჩვენი ურთიერთობის ნაწილად, რომლის განხილვასაც არ ვაპირებ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. ყოფილმა პემიერ-მინისტრმა, არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქის” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა „პოლიტიკის დროში“ საუბრისას განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილით გარკვეული იმედგაცრუება მიიღო. მან პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციაში შესვლისა და ვანო მაჭავარიანის მრჩევლად დანიშვნის გამო გააკრიტიკა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები