იან კელი: საქართველო არის ნათელი შუქი მედიის თავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით

საქართველო არის ნათელი შუქი მედიის თავისუფლების, პლურალიზმის თვალსაზრისით, სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში, საქართველოში დემოკრატიის ხარისხთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საუბრისას აცხადებს.
“საქართველოში ორ თვეზე ნაკლებია, რაც ვიმყოფები. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო გახლავთ ნათელი შუქი მედიის თავისუფლების, პლურალიზმის თვალსაზრისით, სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით. რეალური ნაბიჯები გადაიდგა, რომ სასამართლო დამოუკიდებელი იყოს, გადაწყვეტილებები კი – მიუკერძოებელი. ჩემი ყოფილი უფროსი, ჰილარი კლინტონი, ამბობდა და დღესაც ამბობს – დემოკრატია არ არის მიზანი, დემოკრატია პროცესია“,-აცხადებს იან კელი.
იან კელი “რუსთავი 2“ -ის ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე დასმულ კითხვასაც პასუხობს.
“მე დიპლომატი ვარ, არა ვარ ამ ქვეყნის გადასახადის გადამხდელი და ამომრჩეველი. ამიტომ არ იქნება სწორი, სასამართლო პროცესის სამართლებრივ ბუნებაზე ვისაუბრო, რაც არ ნიშნავს, რომ ჩემი აზრი არ გამაჩნია… ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ერთი საერთო მიზანი გვაქვს – იმის უზრუნველყოფა, რომ საქართველომ მიაღწიოს მიზანს და ევროატლანტიკური სისტემის სრულფასოვანი წევრი გახდეს. ვთვლი, რომ ჩემი როლი იმის აღნიშვნაა, თუ რა დევს ფსონად და რა შეიძლება მოჰყვეს გარკვეულ ქმედებებს. იწყება საარჩევნო წელი (თუ უკვე არ არის დაწყებული) და ნამდვილად უცნაური იქნება წამყვანი ოპოზიციური არხის მიერ მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა. თუ საბოლოო შედეგი ამ ქმედებისა იქნება ის, რომ ოპოზიცია საბოლოოდ დაკარგავს წვდომას ამ სატელევიზიო არხზე ან ეს არხი ზეკრიტიკულიდან გახდება ნეიტრალური, ან კიდევ უარესი, პროსამთავრობო, ეს გამოიწვევს ეჭვს, რომ საქართველოში არ არის უზრუნველყოფილი თანაბარი სათამაშო ველი“,-აღნიშნავს ელჩი.
ამერიკელი დიპლომატი 2007 წელს, “იმედში” შეჭრის ფაქტსაც იხსენებს და ხაზს უსვამს, რომ მაშინ მკაცრ კრიტიკას აფიქსირებდნენ ამ პროცესისადმი.
„2007 წლის ნოემბერში ევროპულ საქმეთა ბიუროში ვმუშაობდი და რუსულ მიმართულებას ვხელმძღვანელობდი. ძალიან კარგად მახსოვს, ჩემი ხელმძღვანელი, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დენ ფრიდი როგორი შეშფოთებული იყო „იმედში“ განვითარებული მოვლენების გამო. იმ პერიოდში როგორც ღია, ისე დახურულ შეხვედრებზე, დაუღალავად ვაფიქსირებდით ჩვენს მკაცრ კრიტიკასა და დამოკიდებულებას ამ პროცესისადმი… კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი ძალადობა და ძალადობისკენ მოწოდება. ვგულისხმობ გავრცელებულ ჩანაწერებში გახმოვანებულ მოწოდებებს ძალადობაზე“,-აღნიშნავს იან კელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები