თურქეთში “დიდი ოცეულის” სამიტი გაიხსნება

დღეს თურქეთში “დიდი ოცეულის” სამიტი დაიწყება. ორდღიანი საერთაშორისო ფორუმი ანტალიის სიახლოვეს მდებარე საკურორტო ქალაქ ბელეკში, უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომების ფონზე გაიმართება. როგორც სააგენტო “ანადოლუ” იტყობინება, საკურორტო ზონაში ძალოვანი უწყებების 12 000-მდე თანამშრომელია მობილიზებული. მგზავრებს ანტალიის საერთაშორისო აეროპორტის მხოლოდ მეორე ტერმინალი ემსახურება, პირველი ტერმინალი კი, სამიტის სტუმრებისთვის არის გაკუთვნილი. აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიას პოლიცია იცავს, გზებზე ბლოკპოსტები გაიხსნა, სამართალდამცველები კურორტისკენ მიმავალ ავტომობილებს ამოწმებენ. 9 ნოემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით ანტალიაში მიტინგების, დემონსტრაციების, გაფიცვებისა და სხვა სახის აქციების გამართვა აიკრძალა. სანაპირო ზოლში 24-საათიანი პატრულირება განხორციელდება. როგორც თურქული მედია იტყობინება, სამიტის ორგანიზებისთვის თურქეთმა დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. საერთაშორისო ფორუმს აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტები, გერმანიის კანცლერი და სხვა ლიდერები, ასევე გაეროს გენერალური მდივანი, მსოფლიო სავალუტო ფონდის პრეზიდენტი, ასევე მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები