“ისლამური სახელმწიფო” : პარიზში განხორციელებული თავდასხმა მომავალი კოკისპირული წვიმის პირველი წვეთია

“ოფიციალური განმარტება კურთხეული თავდასხმის შესახებ ჯვაროსნულ საფრანგეთზე” – ამ სათაურით “ისლამურმა სახელმწიფომ” პარიზში განხორციელებული თავდასხმების შესახებ რუსულენოვანი აუდიო და ტექსტობრივი მასალა გაავრცელა. “ისლამური სახელმწიფოს” ცნობით, პარიზში განხორციელებული თავდასხმა “მომავალი კოკისპირული წვიმის პირველი წვეთია”.

“მორწმუნეებმა სახალიფოს მეომართა რიგებიდან, მრუშობისა და სიბილწის დედაქალაქზე, პარიზზე ილაშქრეს, რომელიც ევროპაში ჯვაროსნების დროშის მატარებელია”,-აღნიშნულია ტექსტში. მათივე განცხადებით, ადგილები სადაც აფეთქებები მოხდა წინასწარ,გულდასმით შეირჩა.

“ისლამური სახელმწიფოს” ცნობით, მას შემდეგ, რაც თავდამსხმელებს ტყვია-წამალი გაუთავდათ, “ურწმუნოთა ბრბოში” თავი აიფეთქეს.

“იცოდეს საფრანგეთმა და ყველამ, ვინც მის კვალდაკვალ მიდის, რომ ისინი “ისლამური სახელმწიფოს” მთავარ სამიზნეებად დარჩებიან. თქვენ სიკვდილის სუნს იქამდე იგრძნობთ, სანამ ჯვაროსნების კოალიციაში ხართ, სანამ ჩვენს წინასწარმეტყველს (მშვიდობა მას და ღვთის კურთხევა) ლანძღავთ, სანამ ამაყობთ თქვენი ომით ისლამის წინააღმდეგ საფრანგეთში და ავიადარტყმებით სახალიფოს მიწებზე. არადა ეს თვითმფრინავები პარიზის ქუჩებში ვერ დაგიცავენ”, – ნათქვამია განცხადებაში. საფრანგეთში 13 ნოემბერს ექვს სხვადასხვა ადგილზე ტერაქტი მოხდა. პარიზის სხვადასხვა ადგილზე შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ რესტორნებს, საკონცერტო დარბაზებსა და ფეხბურთის სტადიონს. პარიზში განხორციელებულ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. ოფიციალური ინფორმაციით, ტერაქტების შედეგად სულ მცირე 129 ადამიანი დაიღუპა და 352-ზე მეტი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები