პარიზის ტერაქტების ერთ-ერთი შემსრულებელი სავარაუდოდ, ქალი იყო
ფრანგული რადიოსადგური “ევროპა 1” თვითმხილველებზე დაყრდნობით პარიზში განხორციელებული ტერაქტების შემსრულებელზე წერს. წყაროს ცნობით, ტერაქტის ერთ-ერთი შემსრულებელი სავარაუდოდ, ქალი იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, “ბატაკლანის” თეატრში 3 პირი შეიჭრა, აქედან 2 მამაკაცი, მესამე კი – ქალი. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი ფრანგი იყო, კიდევ ორს სირიისა და ეგვიპტის პასპორტები ჰქონდათ.
საფრანგეთში გუშინ ექვს სხვადასხვა ადგილზე მომხდარი ტერაქტის შედეგად ოფიციალური ინფორმაციით, 128 ადამიანი დაიღუპა და 600-მდე მეტი დაშავდა. თავდასხმა პარიზის სხვადასხვა ადგილზე მათ შორის რესტორნებზე, საკონცერტო დარბაზსა და სტადიონთან მოხდა. თეატრ “ბატაკლანში” როკ-კონცერტზე მისული დაახლოებით 100 ადამიანი მოკლეს. ანტიტერორისტულმა ძალებმა შენობაზე იერიში მიიტანეს, მოკლულია 8 ბოევიკი.
შეტევა განხორციელდა ეროვნულ სტადიონზეც, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი ოლანდი და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მეგობრულ საფეხბურთო მატჩს ესწრებოდნენ. ფრანსუა ოლანდმა ქვეყანაში საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა.